„ოცნებამ“ მიიღო კანონპროექტი, რომელიც „კანონთან კონფლიქტში მყოფ” 14 წლამდე მოზარდებს ეხება

76 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ”.
კანონპროექტის მიხედვით, „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი” განიმარტება, როგორც “არასრულწლოვანი, რომელთან მიმართებაშიც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი”.
მოქმედი კანონმდებლობით, 14 წლამდე პირებზე არ ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და არ არსებობს რეაგირების მექანიზმი ამ ასაკის მოზარდების მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე. განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტი სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ შეიქმნა და მისი მიზანია 14 წლამდე მოზარდების “რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა”.
კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი. ეს იქნება კანონით განსაზღვრული ღონისძიებების წარმმართავი და მაკოორდინირებელი ორგანო. მის უფლება-მოვალეობებს შორის იქნება:
· კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება;
· კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა ან/და გადამისამართება;
· კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში მონაწილეობის მონიტორინგი;
· შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება და ა.შ.
· კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის გადამისამართდება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში.
ცენტრში არასრულწლოვანის გადამისამართების უფლება ექნება პროკურორს, მიიღებს შემაჯამებელ დასკვნას იმის შესახებ, რომ 14 წლამდე მოზარდმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ცენტრში ინდივიდუალური პროგრამების გავლის შემდეგ, თუ ამის საჭიროება კვლავ იქნება, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და მოსამართლის თანხმობით მათ გადაამისამართებს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცემა მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც უარს იტყვის ცენტრთან თანამშრომლობაზე, ან არ შეასრულებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
განმარტებით ბარათში ხაზგასმით წერია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული აქტივობები არ არის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებების ანალოგი.
“ისინი მიმართულნი არიან არა არასრულწლოვანის დასჯისკენ, არამედ მისი დახმარებისკენ, დაცვისა და შესაბამისი სოციალური უნარების გამომუშავებისკენ. აღნიშნულ პროცესში მიღებული თითოეული გადაწყვეტილება დაეფუძნება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს და მიიღება მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებების განსაზღვრაში სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე (მაგალითად, ფსიქოლოგი, იურისტი, ექიმი და სხვა) პირების ჩართულობას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების” შემდეგი დეპუტატები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, , თორნიკე ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა და .