“ბევრი “ზვერაძე” აღმოვაჩინე, გული მეტკინა”

დავით დვალი პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ “ჩემი ცოლის დაქალებში” შესრულებული როლით მაყურებელში ემოცია ნამდვილად გამოიწვია. პოლიციელ გაჩა ზვერაძის მისამართით მაყურებლის შეფასება ერთგვაროვანია, ეს კი უდავოდ მსახიობის ოსტატობაზეა დამოკიდებული.

ვინ არის “ზვერაძე” რეალურ ცხოვრებაში, რას ფიქრობს საკუთარ პერსონაჟზე, რა აღმოჩენები გააკეთა, რის გამო იხდის ბოდიშს გადასაღებ მოედანზე და როგორი შეფასებები მოისმინა ახლობლებისგან? – ამ ყველაფერზე დავით დვალი გულახდილად გვესაუბრა.

– როგორი იყო თქვენთვის 2023 წელი? ფაქტია, ძალიან პოპულარული გახდით.

– კარგი სიახლეების წელი იყო, სამსახიობო კარიერის მხრივ აქტიური წელი მქონდა. ბოლო დროს ჩემი ცხოვრება რადიკალურად შევცვალე, ეკონომისტი ვარ, აქამდე პროფესიით ვმუშაობდი, წლების განმავლობაში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე ვიყავი. მერე გადავწყვიტე, სამსახურისთვის თავი დამენებებინა, სხვა საქმეებისთვის მიმეხედა, რაჭისკენ ამეღო გეზი. ნიკორწმინდაში მამაპაპისეული მამული მაქვს და მომინდა რეგიონისთვის ჩემი აქტივობით რამე გამეკეთებინა, იქ სრულიად განსხვავებულ საქმეებს შევეჭიდე. რაჭა ძალიან მიყვარს. პირადი ცხოვრება, საქმიანობა – ყველაფერი შევცვალე, ამას დაემატა სამსახიობო კარიერა, რამაც დიდი სიამოვნება მომანიჭა. ეს სფერო ყოველთვის ძალიან მიზიდავდა. უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, იქაურ თეატრში ვთამაშობდი და ეს მომწონდა. რაც შეეხება პოპულარობას, იმასთან ერთად, რომ ძალიან სასიამოვნო მომენტია, საპასუხისმგებლოც არის.

– თქვენი პოპულარობა ყოველდღიურ ცხოვრებაზე როგორ აისახება?

– მე ვარ ადამიანი, ვისაც არ აქვს არანაირი სოციალური ქსელი, ყოველთვის წყნარი ცხოვრება მერჩივნა, მაგრამ ახლა შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ პოპულარობა მსიამოვნებს, დამღლელი ნამდვილად არ არის. პასუხისმგებლობაა, რადგან ადამიანები გაფართოებული თვალებით გიყურებენ. მათთვის შეიძლება მაგალითის მიმცემიც კი იყო. ემოციური, იმპულსური ვარ. ძალიან ადვილია, ქუჩაში ავტომობილით მგზავრობის დროს, ნერვები დაგეძაბოს, გაღიზიანდე, რაღაც ცუდიც წამოგცდეს. ადრე ამ ყველაფერს თუ ვაკეთებდი, დღეს საკუთარ თავს ამის უფლებას აღარ ვაძლევ. როცა პოპულარული ხდები, გეძლევა საშუალება, ადამიანებს კარგი მაგალითი მისცე.

– ამბობენ, სცენამ მონატრება იცისო, თავად გქონდათ ეს განცდა? არ გიცდიათ, რომელიმე რეჟისორთან გეთანამშრომლათ?

– მართალია, დიდი მონატრება იცის, ამ პროფესიით იწამლები. დაბრუნების სურვილი ნამდვილად მქონდა, მაგრამ გარდა ჩემი სამსახურისა, სულ მქონდა დამატებით კიდევ სხვა საქმეები, ხან ბიზნესი, ხან – სხვა რამ და ძალიან დაკავებული ვიყავი. ვერ ვაძლევდი თავს უფლებას, ამისთვის დრო გამომეყო. კიდევ იყო მეორე მომენტიც, საკუთარ თავს ვერავის შევთავაზებდი, სხვა რომ დაინტერესებულიყო, შეიძლებოდა, დროც კი გამომენახა.

ვრცლად