ეუთო/ოდირმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ცნობით, იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ასევე, რთულდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ფრონტის ხაზთან ახლოს. ეს ყველაფერი კი რუსეთის მიერ დიდ ურბანულ ცენტრებზე თავდასხმების შედეგია. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი არაპროპორციულ ძალის თავდასხმებს ახორციელებს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.
“საომარი მოქმედებების გაძლიერება აიძულებს მშვიდობიან მოსახლეობას, დატოვონ ფრონტის ხაზის მიმდებარე დასახლებები, პარალელურად კი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებლებს ეზღუდებათ წვდომა ამ ტერიტორიაზე. თვითმხილველები “ოდირს” აწვდიან ინფორმაციას ჰუმანიტარული მისიებზე თავდასხმების შესახებ, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა”, – წერია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, მშვიდობიან მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთის თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო ტყვეები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები არიან.
“ოდირს” არაერთმა მოწმემ მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებისნმიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დაწყებულ უსამართლო და უკანონო სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, რომლებიც ეხება შეთითხნილ ბრალდებებს, მათ შორის, ომის დანაშაულსა და ტერორიზმს”, – წერია დოკუმენტში.
ეს არის ორგანიზაციის მე-8 ანგარიში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. იგი ეფუძნება 100-ზე მეტი თვითმხილველის მიწოდებულ, ასევე ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას, უკრაინული და რუსული სახელმწიფო ინსტიტუტების მიწოდებულ ცნობებს და სხვადასხვა ორგანიზაციის მონაცემებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს და მსგავსი ანგარიშები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმაში, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ომის დანაშაულისა და უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიისთვის.
“ანგარიშშია აღნიშნულია, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 40%-ით არის გაზრდილი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართოდ დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება. დოკუმენტში პირველადაა აღწერილი რუსეთის მიერ მიზანმიმართული თავდასხმები ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებზე”, – წერს სიბიჰა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ეს და ეუთო/ოდირის ყველა წინა ანგარიში სამართლიანობის აღდგენის საფუძველად აქციოს.




