როგორ დაამარცხა დეპრესია განქორწინების შემდეგ და ზედმეტი კილოგრამები – ადელის ნამდვილი ცხოვრება და დაუსრულებელი კომპლექსები

როგორ დაამარცხა დეპრესია განქორწინების შემდეგ და ზედმეტი კილოგრამები – ადელის ნამდვილი ცხოვრება და დაუსრულებელი კომპლექსები
· 65
ადელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მომღერალი დღესდღეობით, 15 “გრემის” მფლობელი და პირველი მუსიკოსი, რომელმაც ორჯერ მოახერხა გამარჯვება ნომინაციებში “წლის ალბომი”, “წლის ჩანაწერი”, “წლის სიმღერა”. ხოლო მის სიმღერას “Skyfall” მიღებული აქვს “ოსკარი” და “ოქროს გლობუსი”.
ადელმა არა მხოლოდ საქმიანობით დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანია, არამედ ცხოვრების წესითაც უჩვენა ყველას, რომ ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანია და ერთ მშვენიერ დღეს სრულიად შეცვლილი გარეგნობით წარდგა მაყურებლის წინაშე… თუმცა მანამდე მის ცხოვრებას მივყვეთ…
ადელ ლორი ბლუ ადკინსი 1988 წლის 5 მაისს დაიბადა ლონდონში, მარკ ევანსისა და პენი ადკინსის ოჯახში. გოგონა 2 წლის იყო, როცა მამა სახლიდან წავიდა და წლები აღარ დაინტერესებულა, როგორ გაჰქონდა თავი მის ოჯახს ან როგორ ცხოვრობდა. მოგვიანებით ადელი ამბობდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრავმა მამამ მიაყენა ასეთი გულგრილი დამოკიდებულებით. “მის გამო ვერა და ვერ ვისწავლე, როგორ მიმეღო სხვისი სიყვარული და არასდროს ველოდი კარგს ადამიანებისგან”, – თქვა ერთხელ მომღერალმა. რამდენიმე წლის წინ, როცა ევანსი მძიმედ დაავადდა, ადელმა მასთან ურთიერთობა განაახლა და აპატია მიყენებული ტკივილი. სანამ მამამისი გარდაიცვლებოდა, ადელს მასთან ინტერნეტით ჰქონდა ურთიერთობა და “ზუმით” მთელი ბოლო ალბომი უმღერა. “მითხრა, რომ ამაყობდა ჩემით. ამის მერე ვიგრძენი, რომმ ძველი იარები შეხორცდა”, – ამბობს ადელი.

…მამის სახლიდან წასვლის შემდეგ დედამისმა ადელი ინგლისის სამხრეთ სანაპიროსკენ, ბრაიტონში გადაიყვანა და იქ ცხოვრობდნენ 1999 წლამდე, მერე კი ისევ ლონდონში დაბრუნდნენ. დედას სამ ადგილას უწევდა მუშაობა, რომ ოჯახი ერჩინა და გარდა ამისა, ნიჭიერი ქალიშვილის ვოკალის გაკვეთილების გადასახადი გადაეხადა – ადელი 4 წლიდან აქტიურად მღეროდა და გარშემო ყველა ამბობდა, რომ განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.
მისი ოთახი საყვარელი მუსიკოსების პლაკატებით იყო მორთული. ხშირად გამოდიოდა სკოლის ღონისძიებებზე და მაშინვე ძლიერი ხმა და ფართო ვოკალური დიაპაზონი ჰქონდა. მეგობრები აღტაცებული იყვნენ, თუმცა თავად სულ კომპლექსდებოდა გარეგნობის გამო და ფიქრობდა, რომ დიდ სცენაზე არც უნდა ეოცნება.
თუმცა დედას ყოველთვის სჯეროდა მისი და სწორედ მან დაარწმუნა, ლონდონის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში გასაუბრება გაევლო. ადელმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები და ბრიტანეთის საუკეთესო პედაგოგებთან შეუდგა ვოკალის სწავლას.
ხელოვნების სკოლა 2006 წელს დაამთავრა და ორ თვეში ორი კომპოზიცია გამოუშვა. 2007 წელს უკვე პირველ ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრა. 2008 წელს მისი სადებიუტო სინგლი Hometown Glory ბრიტანეთის ჩარტებში აღმოჩნდა საუკეთესოთა შორის. სულ მალე ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, მოიგო, რის მოგებაც კი შეიძლებოდა, როგორც მომღერალმა და სიმღერების ავტორმა, მოხვდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი, ყველაზე მდიდარი მუსიკოსების რეიტინგებში და ჩვეულებრივი ვარსკვლავური ცხოვრებაც დაიწყო, თუმცაღა, ისევ სდევდა თან ძველი კომპლექსები. წვეულებებზე აქტიურად არ დადიოდა, ბევრი მეგობარი არ ჰყავდა და თავის სამყაროში ყოფნას ამჯობინებდა.
2011 წელს გამოჩნდა მის ცხოვრებაში ბიზნესმენი საიმონ კონეკი. 2012 წელს წყვილს ვაჟი გაუჩნდა – ანჯელო ჯეიმს კონეკი. 2017 წელს კი წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა. სახლიც იყიდეს სასექსის საგრაფოში და ორი წელი ბედნიერად იცხოვრეს.
2019 წელს კი გამოაცხადეს, რომ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა აგრძელებენ შვილის გაზრდას ერთად, სიყვარულით და მზრუნველობით. “30 წლის ვიყავი და ჩემი ცხოვრება თითქოს ჩამოიშალა, – იხსენებს ადელი იმ პერიოდს, – არაფერი ახალი აღარ ხდებოდა და უბრალოდ დინებას მივყვებოდი. ბედნიერი არ ვყოფილვარ. არც ერთ ჩვენგანს არ გაუკეთებია რაიმე ცუდი და არც ზიანი მიგვიყენებია ერთმანეთისთვის. უბრალოდ, იმაზე ვფიქრობდი, რომ მინდოდა, ჩვენს ვაჟს დაენახა, როგორ მიყვარს ძველებურად და როგორ ვუყვარვარ მე. ეს მართლაც მნიშვნელოვანია ჩემთვის და მას შემდეგ ჭეშმარიტ ბედნიერებას ვეძებ… იმდენად დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, მეთქვა თუ არა ანჯელოსთვის განქორწინების შესახებ. მე და საიმონს არასდროს გვიდავია მეურვეობის საკითხზე… საზოგადოებაში არსებობს ერთგვარი წესები, თუ რა ხდება ქორწინების დროს და რა ხდება განქორწინების შემთხვევაში. თუმცა, მე რთული ადამიანი ვარ. ქალებს გვასწავლიან, რომ უნდა ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ “ქორწინება გადავარჩინოთ”. ეს იდეა ასახულია თუნდაც იმ ფილმებში, რასაც ბავშვობიდან ვუყურებთ. თავიდან ძალიან მწყდებოდა გული, მაგრამ ახლა აღარაა საინტერესო.
სწორედ განქორწინებას მოჰყვა ადელის მკვეთრი ცვლლება გარეგნობაში. კარგა ხანს ებრძოდა დეპრესიას და არც საზოგადოებაში ჩნდებოდა, არც ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტებს. მოულოდნელად კი სრულიად გარდასახული გამოჩნდა – 45 კილოგრამით გამხდარი. თაყვანისმცემლებმა ვერც იცნეს, ბევრმა გააკრიტიკა კიდეც და ბევრმა არ მიიღო ახალი ადელი. თავად ამბობდა, რომ შვილის გადადგა ეს ნაბიჯი – ახალი გარეგნობით დეპრესიაც დაამარცხა და ზედმეტ კილოგრამებს გააყოლა ცუდი განწყობა. შვილის გამო გადაწყვიტა, ყოფილიყო ჯანმრთელი და ლამაზი. თანაც, ვარჯიშებმა და სწორმა კვებამ ხელი შეუწყო, განცდებს შებრძოლებოდა და განქორწინების სევდა გაექარვებინა.
“შფოთვისგან გათავისუფლება დავიწყე. ვვარჯიშობ და თავს კარგად ვგრძნობ. არასდროს ვსაუბრობ, რომ ეს გასახდომად მჭირდება. გავაცნობიერე, ეს მჭირდება იმისათვის, რომ გავძლიერდე და ყოველდღე სულ უფრო მეტი დრო გავატარო ტელეფონის გარეშე. დღეში ორჯერ ან სამჯერ ვვარჯიშობ. დილით ძლიერ ვარჯიშებს ვაკეთებ. შემდეგ ვსეირნობ ან კრივზე მივდივარ, საღამოს კი კარდიო ვარჯიშებს ვაკეთებ. მყავს ტრენერი… არა მხოლოდ ახლა, მთელი კარიერის განმავლობაში ჩემი სხეული განხილვის საგანი იყო. მესმის, რატომაც არიან შოკში ჩემი გახდომის გამო. ძალიან კარგად მესმის, რატომ მიისწრაფიან ქალები ამისკენ. მე ბევრი მათგანის სახე განვასახიერე. თუმცა, იგივე ადამიანი ვარ…”
ახალ გარეგნობას და დეპრესიის დამარცხებას პირად ცხოვრებაშიც მოჰყვა სიახლეები და რიჩ პოლის გვერდით გამოჩნდა, რომელთანაც, ამბობს, რომ ბედნიერია.
ახლა ბევრ დროს უთმობს ჯანსაღ ცხოვრებას, მუსიკას, და რა თქმა უნდა, შვილს, რომელსაც თავისუფლად ზრდის და ამბობს, რომ არ სურს სტერეოტიპები მოახვიოს თავზე.