ევროპარლამენტარის, ნილს უშაკოვსის განცხადებით, მზია მაღლობელისა და ქართველი ხალხის ბრძოლა საქართველოს საზღვრებს სცდება და ეს არის საერთო კეთილდღეობისთვის ბრძოლა, რომელსაც ევროპელები იზიარებენ.
მისი თქმით, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის რეპრესიებს და არ გაჩერდებიან მანამ, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და ქართველ ხალხს არ ექნება თავისუფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი
„მზია მაღლობელის საქმე სამართლიანად იქცა საქართველოში მიმდინარე რეპრესიების ერთ-ერთ სიმბოლოდ. ის არის თავდადებული და პატივსაცემი მედიაპროფესიონალი, დამოუკიდებელი ხმა, რომელიც ამხელს კორუფციას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მზია არის პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს საქართველოს 34-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში.
სამწუხაროდ, ასე გარდაქმნა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა, რომელიც ერთ დროს აღმოსავლეთ ევროპაში სხვებისთვის სამაგალითო იყო. დღეს ასობით პოლიტპატიმარი ზის გისოსებს მიღმა, მშვიდობიან დემონსტრანტებს პოლიციის სისასტიკით ხვდებიან, სამოქალაქო საზოგადოება უსაფუძვლო შეზღუდვების წინაშე დგას, ხოლო პოლიტიკურ ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით დევნიან. კანონები დაჩქარებულად მიიღება სამოქალაქო სივრცის შემდგომი შეზღუდვის მიზნით. დამოუკიდებელ მედიას მტრად წარმოაჩენენ, ხოლო დაშინებამ, ჯარიმებმა, დაპატიმრებებმა და ძალამ ჩაანაცვლა დემოკრატიული დებატები. ასეთ გარემოში თავად სიმართლე იქცა წინააღმდეგობის აქტად.
სწორედ ამიტომ არის მზია მაღლობელის საქმიანობა ასეთი ღრმა მნიშვნელობის მქონე. სახაროვის პრემია ყოველთვის ეძღვნებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ სინდისის კომფორტზე გაცვლაზე. მზია ამაღლობელის ისტორია ასახავს იმას, რისთვისაც ანდრეი სახაროვი იბრძოდა – მორალური სიცხადე ზეწოლის დროს და გამბედაობა, როდესაც კონფორმიზმი უფრო მარტივია.
ეს პარლამენტი მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის რეპრესიებს ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებდით ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ. ჩვენ ასევე მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ, რომელთა წართმევასაც რეჟიმი ცდილობს.
მზია ამაღლობელისა და ქართველი ხალხის ბრძოლა აშკარად სცდება საქართველოს საზღვრებს. ეს არის საერთო კეთილდღეობისთვის ბრძოლა, რომელსაც ჩვენ, ევროპელები, ვიზიარებთ. ქუჩებში გახმიანებული მოთხოვნებია თავისუფლება, ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობის პატივისცემა – იგივე პრინციპები, რომლებზეც აგებულია ევროკავშირი.
სახაროვის პრემიის მინიჭებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა, რომელიც ერთად უნდა ვაწარმოოთ და გავიმარჯვოთ. გმადლობთ თქვენი ერთგულებისთვის და იმ მორალური კომპასისთვის, რომელსაც გვიჩვენებთ. ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და ქართველ ხალხს არ ექნება თავისუფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და ოცნებები“, – განაცხადა ნილს უშაკოვსმა.




