„დღეს ენერგეტიკის დეპარტამენტში რეალურად მუშაობს 3-4 ადამიანი, თუ ამ დარგს სამინისტრო არ გვეღირსება, იქნებ დეპარტამენტი მაინც გავზარდოთ“

„დღეს ენერგეტიკის დეპარტამენტში რეალურად მუშაობს 3-4 ადამიანი, თუ ამ დარგს სამინისტრო არ გვეღირსება, იქნებ დეპარტამენტი მაინც გავზარდოთ“,- ამის შესახებ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძე „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ენერგეტიკის მიმართულება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია, საჭიროა ადამიანური რესურსის ზრდა.
ამასთან, როგორც გიორგი მარგებაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას ფინანსური ამნისტია შეეხოს, კარგია, თუმცა, ეს დასაწყისია და ამის აღსრულებას ასევე დამატებითი რესურსი სჭირდება.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და აღუდგებათ ნაპატიები ჯარიმებიც. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა, ამასთანავე, პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი.
„ეს არის დასაწყისი, მიდგომა, შემდეგ ამის კონტროლი უკვე სხვა ფილოსოფია და შრომის რესურსი. წარმოიდგინეთ, რამდენი პროექტი იქნება გასაკონტროლებელი, რაც უკვე სამინისტროს ევალება. მარტო მიდგომა და ფურცელზე დაწერილი ვერ იქნება ამ პროექტებისთვის წამახალისებელი, საჭიროა, ადამიანური რესურსი.
მე ყოველთვის ვამბობ, საჭიროა, ენერგეტიკის სამინისტრო დაბუნდეს, რომ რესურსულად დიდი სამინისტროს იყოს. თორემ, დღეს ენერგეტიკის დეპარტამენტში რეალურად მუშაობს 3-4 ადამიანი, ვისზეც დგას ეს ყველაფერი. ვისურვებდი გაორმაგდეს და გასამმაგდეს ეს დეპარტამენტი. სამინისტრო თუ არ გვეკუთვნის და ამ დარგს არ გვეღირსება, იქნებ დეპარტამენტი მაინც გავზარდოთ, რომ სწრაფად მოხდეს მუშაობა. ამაზე მნიშვნელოვანი სფერო ჩვენს ქვეყანაში კი არა, მსოფლიოში არ არსებობს. ენერგეტიკა არის უმნიშვნელოვანესი თან იმის ფონზე, რომ ჩვენ ამხელა რესურსი გვაქვს, იმის ფონზე, რომ დიდი წარმატებაა წყალქვეშა კაბელიც, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასთან დაგვაკავშირებს… ევროპა არის დაინტერესებული, რომ ამ ყველაფერში თავისი რესურსები ჩადოს და რატომ ხდება ეს ყველაფერი?! იმიტომ ხდება, რომ რუსეთზე იყვნენ ნაკლებად დამოკიდებული და ერთ-ერთ მთავარ კორიდორად აღიქვამენ საქართველოს.
მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო უკვე დეკლარირებას აკეთებს და ამბობს, რომ ენერგეტიკა არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო ჩვენთვის. ვხედავთ უკვე ყველა განცხადებაში, ცალკე პრემიერ მინისტრის, ცალკე ეკონომიკის მინისტრის. აქედან გამომდინარე ბანკებიც რა თქმა უნდა, დაინტერესებულები არიან ამ სფეროში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები“,- განაცხადა გიორგი მარგებაძემ.