მარტა კოსი „ოცნებას“: არასწორია ხალხის ნების გაუთვალისწინებლობა

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ქართველი ხალხის არჩევანს და ევროპულ გზას დაუბრუნდება.
„საქართველოსადმი რეკომენდაციები და დასკვნები ევროკომისიის გაფართოების ანგარიშიდან. ამ ანგარიშში ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს აქვს ისეთი უკუსვლა, როგორიც არცერთ სხვა ქვეყანას. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ თუ ქვეყანას ევროპულ გზაზე წინსვლა სურს, მათ სხვანაირად უნდა იმოქმედონ. ეს მთავრობას ეხება“, — განაცხადა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, Euroscope-ის კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვისაც, რომ მთავრობას ვუთხრათ — არ არის სწორი, როცა არ ითვალისწინებენ იმას, თუ რა სურს ხალხს. მე მართლა ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხალხის მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდება. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია“, — განაცხადა კოსმა.
ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა და ქვეყანა ახლა უფრო შორსაა ევროკავშირისგან, ვიდრე 2023 წელს, სტატუსის მიღებამდე იყო.
ამ თემაზე: https://netgazeti.ge/life/790192/