ეროვნულ ბანკს წამოსცდა, რომ შესაძლოა, დეველოპერების შიდა განვადებები გაიყვანონ პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების რეგულაციაში – გივი კორინთელი

“ის „ბაირამობა“, რომელიც ბაზარზე წლების განმავლობაში იყო დეველოპერების მხრიდან, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, შეჩერდება და არ გაგრძელდება იმ ტემპით, როგორც იყო”, – ამის შესახებ „დეველოპერული სერვისების” დამფუძნებელმა გივი კორინთელმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
საუბარია, შიდა განვადებების რეგულირებაზე. როგორც გივი კორინთელმა განმარტა, თუ შიდა განვადებას მთლიანად საბანკო სესხი ჩაანაცვლებს, გაყიდული ბინის თანხები პირდაპირ ბანკში წავა და შემდეგ საფინანსო თავადვე დააფინანსებს მშენებლობას.
“ძალიან არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი და დეველოპერები ალბათ, კრიტიკაში გამატარებენ, მაგრამ ეროვნულ ბანკს ერთი კვირის წინ წამოსცდა, გაიელვა ამ ინფორმაციამ, რომ შესაძლოა, დეველოპერების შიდა განვადებები გაიყვანონ პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების რეგულაციაში. ხვდებით რა ხდება, თუ აეკრძალა დეველოპერებს შიდა განვადების გაკეთება და ბანკის სესხი ჩაანაცვლებს, ფაქტობრივად, გაყიდული ბინის თანხები პირდაპირ ბანკში წავა, იქ გაიყინება და მერე ბანკი დააფინანსებს უკვე მშენებლობას, ეს იქნება სანდოობის მომატება. სხვათა შორის, ეს სისტემა მოქმედებს ძალიან ბევრ ქვეყანაში და მე ვფიქრობ, განვითარებასთან ერთად, ეს პროდუქტები აუცილებლად წამოვა. ანუ, ის „ბაირამობა“, რომელიც ბაზარზე წლების განმავლობაში იყო დეველოპერების მხრიდან, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ შეჩერდება და არ გაგრძელდება იმ ტემპით, როგორც იყო.
ახლა, ადამიანი ყიდულობს ბინას, პირდაპირ შეაქვს ფული [დეველოპერულ კომპანიაში] და ფაქტობრივად, ეს ფული დაზღვეული არ არის. ანუ დეველოპერს იმ ფულით შეუძლია მშენებლობა დაამთავროს, თუმცა, ამავე დროს, შეიძლება წაქეზებული იყოს ახალ მიწის ნაკვეთზე, გადაისროლოს იმ მიწის ნაკვეთის ყიდვაში, მერე ამ მშენებლობისთვის ფული არ ეყოს და რაც ხდებოდა ხოლმე… სწორედ, ამან გამოიწვია ის კრიზისი, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში გადატანილი გვაქვს“,- განაცხადა გივი კორინთელმა.
ვრცლად: www.bpn.ge