სიდნეიში, ბონდი ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 წლის გოგონაა, – ინფორმაციას BBC-ი ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმა ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს მოხდა – პოლიციის თქმით, მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ.
პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირები, რომლებიც შეკრებილებს თავს დაესხნენ, მამა-შვილი იყო. პოლიციამ 50 წლის მამაკაცის ლიკვიდაცია ადგილზევე განახორციელა, 24 წლის მამაკაცი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.
პოლიციის ცნობით, სიდნეიში ებრაული თემის უსაფრთხოებისა და მხარდაჭერისთვის დამატებითი ზომების მისაღებად 328 ოფიცერია მობილიზებული.
იმ ადგილას, სადაც თავდასხმა მოხდა, მოქალაქეები მიდიან, ახლომდებარე დაწყებითი სკოლის კუთხეში აღმართულ იმპროვიზებულ მემორიალს ყვავილებით ამკობენ და ებრაული თემის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.




