თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები, – ასე უპასუხა მიხეილ ყაველაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით რა შემთხვევაში გამოიყენებთ შეწყალების ბერკეტს? ეს კითხვა გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური პატიმრების შეწყალებაზე“.
~„შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე, ჩემი ადმინისტრაცია ეტაპობრივად ვახორციელებთ ხოლმე შეწყალებებს. შემდეგი შეწყალება ალბათ იქნება ნათლისღებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს და კონკრეტულად სხვა ქვეყნის მაგალითს, სხვა ქვეყნის მაგალითის მოყვანა ჩემთვის მიუღებელია. ალბათ როგორმე მიხვალთ იმ ნიშნულამდე, გაითავისებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოების, მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფალი ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. სწორედ ამ იურისდიქციაში უნდა დავრჩეთ ჩვენ. იმ ადამიანებს, ვინც დღეს დაპატიმრებული არიან და ვისაც „სინდისის პატიმრებს“ ეძახით, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. არის კიდევ პოლიტიკური მოტივი, რის გამოც ის ადამიანები, ჩემი აზრით, იყვნენ მოტყუებული, დღემდე მოტყუებულ პროცესში არიან ზოგიერთები.
ირონიული კითხვაც დავსვი, პროდასავლელები თუ ხართ, რომელ დასავლეთს უჭერთ მხარს? რომელს უჭერთ მხარს, ამერიკის არსებულ ადმინისტრაციას, თუ ევროკავშირის ადმინისტრაციას, ერთმანეთთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში არიან დღეს. თქვენ რომელ მხარეს ხართ, ამერიკის, თუ ევროკავშირის ბიუროკრატიის? ის მოტყუებული ადამიანები, ახალგაზრდები გამჭვირვალობის კანონის გამო გამოიყვანეთ, მაგის გამო გინდოდათ, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოგეხდინათ. ახალმა ადმინისტრაციამ თავად გააუქმა ორგანიზაციები, რომლითაც იკვებებოდა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის გამოც რევოლუციის მოწყობა გინდოდათ საქართველოში. ეს რეალობა უნდა გაითავისონ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც კიდევ მოტყუებული არიან, დაგყავთ ყოველ დღე და იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ციხეში. აღიარონ თავისი შეცდომები, ამის მიხედვით ვნახოთ, დავაკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება. მე დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.




