მინდა, რომ ასოციაციამ დღეს აჩვენოს, რომ უნდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა, პროფესიული და ეთიკური მაღალი სტანდარტების დაცვა – ცვლილებების დროა, ასოციაციასაც სჭირდება განახლება და სჭირდება, მართლმსაჯულების სისტემას აჩვენოს, რომ ადვოკატებს მეტი პატივისცემით მოექცნენ, ვიდრე დღეს ვხედავთ, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბესელიას თქმით, ადვოკატთა პროფესიის შიგნით ინსტიტუციური გამოწვევებია.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, საჭიროა, რომ ადვოკატთა ასოციაცია ყველასთვის გაიხსნას. მისი თქმით, ყველა ადვოკატი უნდა გრძნობდეს, რომ ეს მისი ასოციაცია და მისი ტრიბუნაა.
„დღეს მე ძალიან ბევრ სისტემურ პრობლემას ვხედავ – ადვოკატებს ციხეში ისე ექცევიან, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას ხელყოფს, სასამართლო დარბაზში ვხედავ როგორ არათანაბარ პირობებში აყენებს სასამართლო მეორე მხარესთან მიმართებით. ვხედავ ინსტიტუციურ გამოწვევებს პროფესიის შიგნით. საჭიროა, რომ ეს ასოციაცია ყველასთვის გაიხსნას – ყველა ადვოკატი უნდა გრძნობდეს, რომ ეს მისი ასოციაცია და მისი ტრიბუნაა. ადვოკატი ვინმეს ზეწოლის ქვეშ – ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს ვერ დავიცავთ, რადგან ეს არის ერთადერთი პროფესია, რომელსაც აქვს ასეთი მაღალი დამოუკიდებლობა. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ სხვები დავიცვათ – როგორ შეიძლება ვინმეს გავლენის ქვეშ ვიყოთ? მაშინ როგორ მოვახერხებდით ადამიანების დაცვას.
მინდა ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს ჩემი გამოცდილებით მივეხმარო და ვაპირებ, აქტიურად ვიყო ამ პროცესში ჩართული. მინდა, რომ არჩევითი ორგანოები სხვადასხვა ჯგუფიდან იყოს. არ მომწონს გუნდურობა, რადგან ასოციაციას სჭირდება ამ ორგანოებში სანდო, ეთიკური, გამოცდილი, თავისუფალი და დამოუკიდებელი ადვოკატები. მე იმედი მაქვს, ასეთებს ავირჩევთ ჩვენ დღეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს.




