თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა VII კორპუსი (8 385 კვ.მ.) სახელწმიფოს უსასყიდლოდ დაუთმო – ამ ფაქტს ადასტურებს როგორც თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი, ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერი. თსუ-ის VII კორპუსი ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარეობს.
ინფორმაცია თაცდაპირველად „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსიდან გახდა ცნობილი.
საჯარო რეესტრის მიხედვით, 13 ნოემბერს გაფორმდა ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის (ჩუქების) ხელშეკრულება. 9 დეკემბრის მონაცემებით, ქონების მფლობელი თსუ აღარ არის და ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.
47 მომხრე და 7 წინააღმდეგი – ამ შედეგით დასრულდა 10 ოქტომბერს საბჭოს სხდომა, რომელზეც წევრებმა გასცეს თანხმობა სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემის შესახებ. სანაცვლოდ, უნივერსიტეტისათვის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობის პირობით.
სახელმწიფოსთვის დათმობილი ქონება, სავარაუდოდ, შავი ზღვის უნივერსიტეტს (IBSU) გადაეცემა.
რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას?
1 სექტემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოფიციალური წერილით აცნობა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ), რომ მის საკუთრებაში არსებული შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ კუთვნილი უძრავი ქონება ახალი სტადიონის მშენებლობის არეალში მოხვდა. ფონდმა სეუ-ს მიწის ადგილმონაცვლეობაზე პოზიციის შესახებ ჰკითხა.
2 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აეროპორტის გზაზე მდებარე 101 221 კვ.მ ტერიტორიის სანაცვლოდ ინტერესი გამოხატა თსუ-ის მე-7 კორპუსის ტერიტორიაზე, რომელიც 14-ჯერ პატარაა.
5 სექტემბერს განათლების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს აცნობა, რომ უწყება „არ არის წინააღმდეგი ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ადგილმონაცვლეობაზე – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებელი პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად“.
6 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ ტერიტორიის გადაცემის მოთხოვნით თსუ-ს მიმართა და სანაცვლოდ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობას დაჰპირდა.
სამინისტროს თსუ-ის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა საღინაძემ უპასუხა რომ „უნივერსიტეტი არ იქნება წინააღმდეგი ხსენებული საკითხის განხილვა მოხდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე“.
10 ოქტომბრის სხდომაზე თსუ-ის წარმომადგენლობითმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა მე-7 კორპუსის სახელმწიფოსთვის გადაცემას.
შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მფლობელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტია (სეუ). სეუ-ს მესაკუთრე და რექტორი კი გია კავთელაშვილია.
ცნობისთვის, საბჭოს 2024 წლის გადაწყვეტილებით, იგეგმებოდა მე-7 კორპუსის და სანაცვლოდ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წინ სტუდენტური საცხოვრებლის, სასწავლო კორპუსებისა და სპორტდარბაზის მშენებლობა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში იგეგმება უნივერსიტეტების შენობების ნაწილის გაყიდვა.




