კარგია თუ ცუდი სახლიდან მუშაობა? — პასუხს 20-წლიანი მონაცემებით გვეუბნებიან
დებატები სახლიდან მუშაობის შესახებ ჯერ კიდევ არ დასრულებულა… დადებითად მოქმედებს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე? თუ ასეა, კვირაში სახლიდან რამდენი დღე მუშაობაა სასარგებლო? ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ მგზავრობის სტრესს თავიდან ვიცილებთ? ჩამოთვლილი საკითხები იმ კითხვებს შორისაა, რომელსაც უახლესი ფართომასშტაბიანი კვლევით უპასუხეს. 16 000 ავტსრალიელ თანამშრომელს დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ სახლიდან მუშაობა კაცებზე მეტად, ქალების მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
როგორ ჩატარდა კვლევა?
HILDA Survey-ის 20 წლის მონაცემები გაანალიზეს, რამაც მკვლევრებს საშუალება მისცა, სამსახურებრივ და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებს 16 ათასზე მეტ თანამშრომელში დაკვირვებოდნენ. თუმცა ეს არ მოიცავდა პანდემიის 2020 და 2021 წლებს, რადგან ამ დროს მონაწილეთა მენტალურ მდგომარეობაზე სხვა მრავალი ფაქტორი ზემოქმედებდა.
მიღებული მონაცემებით კი აკვირდებოდნენ, როგორ შეიცვალა მენტალური ჯანმრთელობა თანამშრომლებს შორის, როცა სამსახურში ფიზიკურად წასვლა და როცა სახლიდან მუშაობა უწევდათ. თუმცა შედეგები კიდევ უფრო მკაფიო რომ ყოფილიყო, ის სტატისტიკური მოდელები ამოიღეს, რომლებშიც მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ცვლილებებს ვხვდებოდით, იქნებოდა ეს სამსახურის ცვლილება თუ ბავშვები. ამასთან, დააკვირდნენ, როგორი იყო შედეგები კარგი და ცუდი მენტალური მდგომარეობის მქონე პირებში. ახლა კი მკვლევრები გვეუბნებიან, რომ
სამსახურამდე ტრანსპორტირება განსხვავებულად ზემოქმედებს ქალებსა და კაცებზე
ქალებში სამსახურამდე ტრანსპორტირებას მნიშვნელოვანი გავლენა არ უჩვენებია, რასაც ვერ ვიტყვით კაცებზე, რომელთათვისაც გადაადგილებაზე დახარჯული დიდი დრო პირდაპირ უკავშირდებოდა ცუდ მენტალურ ჯანმრთელობას მათში, რომელთაც ისედაც დაძაბული ნერვული სისტემა ჰქონდათ. ციფრებში კი ეს ყველაფერი ასე გამოიყურებოდა: საშუალო ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე კაცებში ერთ გზაზე ნახევარი საათის დამატება თითქმის იმდენივეჯერ ამცირებდა მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც ამას ოჯახის შემოსავლის 2 პროცენტით კლება იწვევს.
ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი საუკეთესო იყო ქალებისთვის
სახლიდან მუშაობას ძლიერი დადებითი ეფექტი ჰქონდა ქალების მენტალურ ჯანმრთელობაზე, თუმცა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. ეფექტი განსაკუთრებული იყო, როცა ქალები ძირითადად სახლიდან მუშაობდნენ, მაგრამ კვირაში 1-2 დღე ოფისში გასვლაც შეეძლოთ. ხოლო ცუდი მენტალური მდგომარეობის მქონე ქალებში მსგავს მეთოდს გაუმჯობესებულ ფსიქიკურ მდგომარეობამდე მივყავდით, ვიდრე ეს ოფისში მუშაობისას იყო.
მიღებული შედეგები ადრეულ კვლევას ესადაგება, რომლის თანახმადაც ჰიბრიდული რეჟიმი დადებითად ზემოქმედებს სამსახურით კმაყოფილებასა და პროდუქტიულობაზე. თუმცა აქ საქმე მხოლოდ გადაადგილების დროის ამოგდებაში არ ყოფილა, ნაკლებ სამსახურებრივ სტრესს, პირადი და პროფესიული ცხოვრების უკეთ დაბალანსებას ეხებოდა.
კაცებში კი აღნიშნულს სულაც არ ჰქონია რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტი, არც დადებითი და არც უარყოფითი. ამაზე ფიქრობენ, რომ ავსტრალიელებში სახლის საქმეების გენდერული გადანაწილება განაპირობებს ისევე, როგორც ფაქტი, რომლის მიხედვითაც კაცების სოციალური და სამეგობრო წრე ძირითადად სამსახურით შემოიფარგლება.
კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციები
თუ თანამშრომელი ხართ — დააკვირდით, როგორ ზემოქმედებს გადაადგილება და სახლიდან მუშაობის სხვა შაბლონები თქვენს კეთილდღეობაზე. თუ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, დაგეგმეთ რთული საქმეები იმ დღეებში, როცა თქვენთვის კომფორტული სივრციდან მუშაობთ.
თუ დამსაქმებელი ხართ — შესთავაზეთ მოქნილი გრაფიკი, განსაკუთრებით იმ პირებს, რომელთაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. გადაადგილების დრო დამატებით ფაქტორად განიხილეთ სამუშაო დატვირთვასა და კეთილდღეობაზე საუბრისას. თავი აარიდეთ ერთი მიდგომით მუშაობას, რადგან ეს ყველასთვის სასარგებლო ვერ იქნება.
თუ საჯარო პოლიტიკას ქმნით — იზრუნეთ საცობების შემცირებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე. გააძლიერეთ გარემო, რომელიც ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს ანიჭებს უპირატესობას. მხარი დაუჭირეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომას.
ამგვარად, კითხვაზე, კარგია თუ ცუდი თქვენთვის სახლიდან მუშაობა, პასუხი ამ კვლევის მიხედვით, თავად გადაწყვიტეთ…




