ირანში დააკავეს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი

მოკლედ
· ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი ირანის ხელისუფლებამ 11 დეკემბერს ქალაქ მეშჰედში დააკავა. ინფორმაცია მისმა ფონდმა მოჰამადის ძმაზე დაყრდნობით გაავრცელა.
· ირანის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანის უფლებათა დამცველი იურისტი, მოჰამადი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი 2023 წელს გახდა.
არსებული ინფორმაციით, მოჰამადი უსაფრთხოების და პოლიციის ძალებმა “ძალადობრივად დააკავეს” ხოსრო ალიკორდის ხსოვნის ცერემონიაზე. ალიკორდი იყო იურისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ საკუთარ ოფისში იპოვეს გარდაცვლილი.მოჰამადის მეუღლის ცნობით, მის გარდა, ამ ცერემონიალზე სხვებიც დააკავეს.
ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა 12 დეკემბერს დაგმო მოჰამადის და სხვა აქტივისტების “სასტიკი დაკავება” და მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.
2024 წლის დეკემბერში ნარგეს მოჰამადი ირანის ხელისუფლებამ დროებით გაათავისუფლა ციხიდან პოსტსაოპერაციო პერიოდში. მანამდე, მას ფეხის ქვედა ნაწილში ძვლის ნაწილი ამოუღეს, სადაც ექიმებმა სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩინეს.
ნარგეს მოჰამადი არის პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი და სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე. ირანის ხელისუფლებამ ის 13-ჯერ დააპატიმრა, ხუთჯერ გაასამართლა და საერთო ჯამში 154 როზგი და 31 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოჰამადი რამდენჯერმე გაათავისუფლეს გირაოთი, ამის შემდეგ ის უფლებადამცველ საქმიანობას ეწეოდა.
ამჟამად ის სასჯელს იხდის თეირანის ციხეში, სადაც ხშირად ათავსებენ რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. ადრე მან შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე. გაერო და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მოჰამადის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან.
2023 წელს მოჰამადი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მისი სახელით პრემია მიიღეს და ციხეში მის მიერ დაწერილი ნობელის ლექცია წაიკითხეს მისმა შვილებმა. ოფიციალურმა თეირანმა ნობელის კომიტეტს ბრალი დასდო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევასა და ადამიანის უფლებების თემის „პოლიტიზაციაში“.
ფორუმი