ანაკლიის პორტის სატენდერო პროცესი დასრულებული არ არის – რა ეტაპზეა მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორთან?

ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, – ამბობს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი CCCC-ი უპირატეს ინვესტორად 2024 წლის 29 მაისს გამოაცხადეს. როგორც მაშინ განიმარტა, ხელშეკრულება შერჩეულ კომპანიასთან უახლოეს პერიოდში უნდა გაფორმებულიყო, თუმცა დღემდე მოლაპარაკებები არ დასრულებულა.
“გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები კონსორციუმთან, რომელმაც ტენდერში შემოიტანა განაცხადი. დღეს შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ სატენდერო პროცესი დასრულებული არ არის. გვაქვს რამდენიმე გამოკვეთილი საკითხი, რომლის გარშემო მიდის კონსორციუმთან დისკუსია და მსჯელობა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. შეიძლება ასევე ვთქვათ, რომ ვართ პოზიციების შეჯერების პროცესში”, – ამბობს ქვრივიშვილი, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა ვადაში დასრულდება მოლაპარაკებები.
მარიამ ქვრივიშვილი დარწმუნებულია, რომ 2029 წელს პორტის პირველი ფაზა დასრულდება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ტვირთების მიღებას შეძლებს.
“შეიძლება უკვე ითქვას, რომ ანაკლიაში დასრულებულია სამობილიზაციო სამუშაოები და ვემზადებით, რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე, რაც უშუალოდ მშენებლობის დაწყებას გულისხმობს. იცით, რომ ანაკლიის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილა თავად დააფინანსოს ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც დღეს უკვე მიმდინარე პროცესშია”, – ამბობს ქვრივიშვილი და ამატებს, რომ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, 2029 წელს ნავსადგური 600 000 TEU კონტეინერს მიიღებს. მეორე ფაზის დასრულება კი, 2036 წელს მოხდება, რითაც პორტის გამტარუნარიანობა უნდა გაორმადგეს.
შეგახსენებთ, 2026 წლის ბიუჯერის პროექტით, ანაკლიის პორტის დაფინანსება 100 მილიონი ლარით, 50 მილიონ ლარამდეა შემცირებული.