19 იანვარს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაზერული იარაღის გამოცდისას საჰაერო სამიზნის წინააღმდეგ წარმატებულად პირველად გაისროლეს.
მათივე ინფორმაციით, ლაზერული იარაღი სახელად DragonFire (დრაკონის ცეცხლი) საკმარისად ზუსტია 1-კილომეტრიანი მანძილიდან 1-ფუნტიანი მონეტის მიზანში ამოსაღებად. უწყების თქმითვე, შოტლანდიაში, ჰებრიდის კუნძულებზე ჩატარებული ტესტი ტექნოლოგიის საბრძოლო გამოყენებისკენ გადადგმული “დიდი ნაბიჯია”.
ლაზერული იარაღი ერთ-ერთია მიმართული ენერგიის იარაღის (DEW) ტიპებიდან, რომლებსაც სიმძლავრის წარმოქმნა 3 სხვადასხვა დანიშნულებისთვის – სამიზნის შეკავებისთვის, მისი დაზიანებისთვის, ან განადგურებისთვის შეუძლია.
იმის გამო, რომ მიმართული ენერგიის იარაღები ტყვიებისა და რაკეტების ნაცვლად სამიზნის გასანადგურებლად ვიწრო კონად კონცენტრირებული ენერგიის სინათლის სიჩქარით მოძრავ გამოსხივებას იყენებენ, მათი გასროლა გაცილებით იაფი ჯდება.
მიმართული ენერგიის იარაღის მუშაობის პრინციპები
თითოეული ტიპის მიმართული ენერგიის იარაღი ელექტრომაგნიტური სპექტრის სხვადასხვა რეგიონს იყენებს. ამ სპექტრში, რომელიც ტალღის სიგრძის მიხედვითაა კლასიფიცირებული, შედის ყველა ტიპის სინათლე, მათ შორის ისეთი, რომლის დანახვაც ადამიანს შეუიარაღებელი თვალით არ შეუძლია. სხვადასხვა ტიპის ელექტრომაგნიტურ ენერგიას განსხვავებული თვისებები აქვს, ტალღის სიგრძე კი გავლენას ახდენს იმაზე თუ რაში შეღწევა შეუძლია მიმართულ ენერგიას – იქნება ეს მეტალი, თუ ადამიანის კანი.
ყველა ტიპის მიმართული ენერგიის იარაღი ენერგიას სინათლის სიჩქარით ასხივებს და დიდი რაოდენობით სიმძლავრეს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი იარაღები იმგვარ ელექტრომაგნიტურ ენერგიას იყენებენ როგორსაც საყოფაცხოვრებო ნივთებშიც, მაგალითად, მიკროტალღურ ღუმელში შევხვდებით, მათი სიმძლავრე გაცილებით დიდია.
მაღალი ენერგიის ლაზერები ელექტრომაგნიტური სპექტრის ინფრაწითელ და ხილულ რეგიონებს შორის სინათლის ძალიან ვიწრო სხივს წარმოქმნიან. სხივი შეიძლება იყოს იმპულსური ან უწყვეტი და გამოიმუშავებს მინიმუმ 1 კილოვატ სიმძლავრეს. ეს ჩვეულებრივ მაჩვენებელს 200 000-ჯერ აღემატება და შეუძლია ფოლადის დნობა.
მილიმეტრიანი ტალღის იარაღების ელექტრომაგნიტური ტალღის სიგრძე 1 მილიმეტრიდან 10 მილიმეტრამდე მერყეობს და 1 კილოვატზე მეტი სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. მსგავს იარაღს მაღალი ენერგიის ლაზერზე ფართო სხივი აქვს, რის გამოც მისი ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე დამიზნებაა შესაძლებელი.
მაღალი სიმძლავრის მიკროტალღურ იარაღებს წინა ორი ტიპის იარაღზე გრძელი ელექტრომაგნიტური ტალღა აქვს, რის გამოც 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. ეს თითქმის 150 000-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო საყოფაცხოვრებო მიკროტალღური ღუმელის სიმძლავრე. მსგავსი ტიპის იარაღსაც ერთდროულად რამდენიმე სამიზნეზე შეუძლია გავლენის მოხდენა.
თითოეულ DEW-ს როგორც არალეტალური, ასევე ლეტალური ეფექტის მოხდენა შეუძლია. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, სამიზნემდე მანძილზე, მასთან მიღწევის დროზე და იმაზეც, სამიზნის რომელ ნაწილზეა იარაღი მიმართული. ეფექტების დიაპაზონის გამოყენებით, მიმართული ენერგიის იარაღს შეუძლია როგორც ობიექტის შეკავება და უკუგდება, ასევე განადგურება.
უკუგდებისთვის გამოყენებულ მიმართულ ენერგიას სამიზნეზე ხანგრძლივი ზეგავლენა არ აქვს. მაგალითისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის აქტიური უკუგდების სისტემა მილიმეტრული ტალღების გამოყენებით ადამიანის კანში არსებულ წყლისა და ცხიმის მოლეკულებთან ურთიერთქმედებენ, რათა სითბოს შეგრძნება შექმნან. დისკომფორტის გამო სამიზნეები უკან იხევენ, თუმცა გარკვეული დროის გასვლისა და იარაღის ეფექტის შერბილების შემდეგ, ისინი ჩვეულებრივ ფუნქციას იბრუნებენ.
მართული ენერგიის იარაღებს შეუძლიათ სამიზნის ეფექტურობის შემცირებაც. მაგალითისთვის, მაღალი ენერგიის ლაზერებს შეუძლია მკვეთრი გამოსხივებით ადამიანს ან სენსორს დანახვისა და გრძნობის უნარი შეუზღუდოს. ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება გაფრთხილებად გაზრდილი ძალის გამოყენებამდე.
თუ მეტი ძალაა საჭირო, DEW-ებს ასევე შეუძლიათ სამიზნის დაზიანება და განადგურება. ამისათვის მაღალი ენერგიის ლაზერს შეუძლია ასხივოს ელექტრომაგნიტური ენერგია ტალღის იმ სიგრძით, რომელსაც სამიზნე მასალა ყველაზე ეფექტურად შთანთქავს და მის დნობას იწვევს. მაგალითისთვის, დრონის თავდასხმის შემთხვევაში, ლაზერს შეუძლია ფოკუსირდეს უპილოტო საფრენი აპარატის სენსორზე და დააზიანოს ის, ან ფოკუსირდეს საწვავის ავზზე ან ბატარეაზე და გაანადგუროს იგი.
მიმართული ენერგიის იარაღების კვლევა და განვითარება ბევრ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს. აშშ-ს საჰაერო ძალების 2021 წლის მოხსენების თანახმად, DEW-ს განვითარებაზე შეერთებული შტატების გარდა კიდევ 30 ქვეყანა მუშაობს, მათ უმრავლესობას იარაღის დრონების საწინააღმდეგოდ გამოყენება სურს.
ლაზერული სისტემები აშშ-ს საზღვაო ძალებმა უკვე დააინსტალირა რამდენიმე გამანადგურებელზე, თუმცა, ჰუსიტების მხრიდან წითელ ზღვაში დრონებით უკანასკნელი თავდასხმების მოგერიებისას მაინც რაკეტები გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია მიმართული ენერგიის იარაღის გამოყენებას აქვს თუ არა რაიმე გრძელვადიანი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. დამატებით პრობლემას ქმნის გრძელი ელექტრომაგნიტური ტალღის მქონე იარაღების გამოყენება, რადგან, მოქმედების არეალის სიდიდის გათვალისწინებით, მტრის სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებისას, შეიძლება მსროლელმა საკუთარი ტექნიკა და პერსონალიც დააზიანოს. ამასთან, გარკვეულ ამინდში, მაგალითად, ნისლსა და ქარიშხალში, მსგავსი იარაღები ნაკლებად ეფექტურია.