ზამთრის სეზონის დადგომასა და ტემპერატურის ვარდნასთან ერთად აუცილებელია ავტომობილის შესაბამისი მომზადება. ამასთან ერთად, გზებზე უსაფრთხოების საკითხიც აქტუალური ხდება. ყოველწლიურად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ტექნიკურად მოუმზადებელი ავტომობილები რთულ ამინდში ავარიულ სიტუაციებს ქმნიან.
2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაცია გვავალდებულებს, რომ ავტომობილი გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობისას ზამთრის საბურავებით აღვჭურვოთ. ამ რეგულაციის შესასრულებლად მძღოლები ხშირად არჩევანს ფინანსური ეკონომიის სასარგებლოდ აკეთებენ და მეორად საბურავებს ყიდულობენ, თუმცა, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ვერ აცნობიერებენ ამ ნაბიჯის რეალურ რისკებს – სინამდვილეში ეკონომია ხშირად უსაფრთხოების ხარჯზე მიიღწევა. უსაფრთხოება ნამდვილად არ არის ის საკითხი, რომელთან მიმართებითაც კომპრომისებზე წასვლა შეიძლება.
„ზამთრის დადგომასთან ერთად ბევრს ჰგონია, რომ რეგულაციები მხოლოდ ფორმალობაა, თუმცა, ეს არ არის სიმართლე – მთავარი პასუხისმგებლობა თავად მძღოლზეა. სახელმწიფო მხოლოდ საკანონმდებლო გარემოს ქმნის, რეალური უსაფრთხოება კი მოქალაქის კეთილსინდისიერებით მიიღწევა. მძღოლები თავად უნდა აცნობიერებდნენ საკუთარ პასუხისმგებლობას. უსაფრთხოება არ არის მხოლოდ ჯარიმების თავიდან აცილება – ეს არის თითოეული მგზავრის, ოჯახის წევრისა და სხვა მონაწილე მხარეების დაცვა. ამიტომ, აუცილებელია გვესმოდეს, რომ ზამთრის საბურავი ამ ჯაჭვში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. მის სწორად შერჩევასა და გამოყენებას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ის შემთხვევები, რომლებიც ხშირად ელემენტარულ მოუმზადებლობას უკავშირდება. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია საბურავების სწორ პირობებში შენახვა – მათი დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან, ნესტისგან, მაღალი ტემპერატურისგან და სხვა ფაქტორებისგან, რომლებიც რეზინის სტრუქტურას აზიანებს. საბოლოოდ, ზამთრის სეზონი მხოლოდ პერიოდი კი არა, პასუხისმგებლობის გამოცდაა. ამ გამოცდას წარმატებით გავივლით მაშინ, როცა არ დავუშვებთ ისეთ სახიფათო შეცდომას, რომელიც მოუმზადებლობით არის გამოწვეული,“ – განმარტავს ავტოექსპერტი, მიხეილ წულუკიძე.
მეორადი საბურავები ბევრისთვის ფინანსურად მიმზიდველია, ამიტომაც მძღოლები მეორადი საბურავების შეძენას ხშირად აღიქვამენ როგორც ეკონომიურად გამართლებულ ნაბიჯს, თუმცა, პრაქტიკაში ეს არჩევანი მნიშვნელოვნად ზრდის როგორც უსაფრთხოების, ისე ფინანსურ რისკებს.
„მოქმედი კანონმდებლობით, საბურავის ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადა 10 წელია, მაგრამ მეორადი საბურავების ბაზარზე საკმაოდ ხშირად გვხვდება ამ ვადის მიღწეული ან უკვე ვადაგადაცილებული საბურავები, რომლის გამოყენებისთანავე ჩნდება ხარვეზები. ხშირად მეორადი საბურავი გამოყენებისთანავე სკდება და მძღოლს არ აქვს გარანტია პროდუქტის შეცვლაზე. ასევე, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას საბურავის წინა ისტორიაზე – როგორ ინახებოდა, რამდენჯერ იყო გადაჭარბებით დატვირთული, ჰქონდა თუ არა უხილავი დაზიანებები ან დეფორმაციები“, – აღნიშნავს ავტოექსპერტი,
სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებელია სეზონური საბურავების დაყენება, რადგან ის პირდაპირ განსაზღვრავს ავტომობილის სტაბილურობას თოვლიან და ყინულიან გზაზე. სტატისტიკის მიხედვით, საგზაო შემთხვევების გამომწვევ ფაქტორებს შორის დისტანციის დაუცველობა მეოთხე ადგილზეა, რის გამოც სწორად შერჩეულ და ხარისხიან საბურავებს კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ მეორადი საბურავები ხშირად უფრო ხელმისაწვდომია, ახალი საბურავების მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოება გაცილებით მაღალია და დაზოგილ, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ უმნიშვნელო თანხას მნიშვნელოვნად აჭარბებს.
ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ახალი და მეორადი საბურავები ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს, თუმცა უსაფრთხოდ მგზავრობისთვის მათ შორის განსხვავება მეტად დიდია:
· •მეორადი საბურავების ისტორია უცნობია, ამიტომ მათი რეალური მდგომარეობის შეფასება რთულია. ხშირად ისინი გარეგნულად კარგად გამოიყურება, თუმცა, შესაძლოა, ვიზუალურად შეუმჩნეველი შიდა დაზიანებები ჰქონდეს, რომლებიც გამოყენებისას გაბზარვით ან გასკდომით ავლენს თავს
· •პროტექტორის სიღრმე მეორად საბურავებში ხშირად მინიმალურ ზღვარს – 1.6 მმ-ს უახლოვდება, მაშინ როცა უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია 3-4 მმ. მცირე სიღრმე ამცირებს გზასთან მოჭიდებას და განსაკუთრებით სახიფათოა თოვლსა და ყინულზე
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეორადი საბურავის გამოყენება მძღოლს მნიშვნელოვნად უფრო მაღალი რისკის წინაშე აყენებს, განსაკუთრებით ნალექიანი ამინდის პირობებში. ახალი, სეზონისთვის შესაბამისი საბურავი კი, ბევრად საიმედო და უსაფრთხო არჩევანია.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსხვავება ახალ და მეორად საბურავებს შორის. უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, საბურავი გამოშვებიდან დაახლოებით 6 წლის შემდეგ კარგავს თავის პირველად თვისებებს და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ ფუნქციას, შესაბამისად უსაფრთხო, სწრაფ და სტაბილურ დამუხრუჭებას სხვადასხვა სიჩქარეზე ვეღარ უზრუნვეყოფს. გაცვეთილი საბურავი დამუხრუჭების მანძილს 10-15 მეტრით ზრდის, შესაბამისად, იზრდება შეჯახების რისკიც. ჩვენს ქვეყანაში შემოსული მეორადი საბურავების უმეტესობა ამ ასაკს აღემატება, ბევრი მათგანი 6-ის კი არა, 10 წელზე მეტისაც კი არის, ამიტომ მათი მოჭიდების ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებულია. როდესაც საბურავი ვერ ასრულებს თავის ძირითად როლს, მძღოლის რეაქციის სისწრაფეს მნიშვნელობა აღარ აქვს – ტექნიკურად შეუძლებელია მანქანის დროულად შეჩერება. ახალი, ხარისხიანი საბურავი კი, სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, როცა მეორადი საბურავი შეიძლება მძღოლი დააღალატოს,“ – გვეუბნება ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი.
ასევე, ერთ-ერთი გავრცელებული მითია, რომ ახალი და კარგი „ყველა სეზონის” საბურავი იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც ზამთრის საბურავი. ეკა ლალიაშვილის თქმით, „ყველა სეზონის” საბურავი არ არის იმდენად ეფექტური ზამთრის პირობებში გამოსაყენებლად, რამდენადაც ზამთრის საბურავი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია მისი ცვეთის ინტენსივობაც, რომელიც გაცილებით აღემატება ზამთრის საბურავისას. თუ ყურადღებას გავამახვილებთ ეკონომიურობაზეც, აღსანიშნავია, რომ ცვეთის კუთხით, სხვადასხვა სეზონის საბურავების ქონა უფრო მომგებიანია, ვიდრე „ყველა სეზონის”. საბოლოო ჯამში, მეორადი საბურავის შეძენით მიღებული ეკონომია, ფაქტობრივად, მხოლოდ მოკლევადიანია.
ევროპული სტანდარტები მკაცრად ზღუდავს მეორადი საბურავების გამოყენებას, და ჩვენს ქვეყანაშიც რეგულაციები ნელ-ნელა იმ მიმართულებით ვითარდება, რომ დაინერგოს უფრო მაღალი უსაფრთხოების სტანდარტები.
„გასაგებია, რომ ბევრისთვის ახალი საბურავის შეძენა ფინანსურად მარტივი არაა, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ფასის მეორე მხარეს ყოველთვის ჩვენი და სხვისი უსაფრთხოება დგას. გარდა ამისა, თუ მძღოლი სეზონურ საბურავებს შეიძენს და მათ სწორად შეინახავს, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურადაც გამართლებულია,“ – გვირჩევენ ექსპერტები.
და ბოლოს, რა მოთხოვნები და რეკომენდაციები მოქმედებს ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით და რატომ არის მათი სწორად შერჩევა მნიშვნელოვანი უსაფრთხოებისთვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტსს, შალვა ოგბაიძეს მიაჩნია, რომ ზამთრის საბურავების გამოყენება მნიშვნელოვანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის და მათი არქონა კი რისკების შემცველია: „მეორადი საბურავების შეძენას, პრაქტიკულად, არ აქვს არც მოკლევადიანი და არც გრძელვადიანი სარგებელი, რადგან საკითხი პირდაპირ უკავშირდება ადამიანის, ოჯახის წევრების, ბავშვების და მომავალი თაობის უსაფრთხოებას. ზამთრის სეზონზე შესაბამისი საბურავებით გადაადგილება არა მხოლოდ რეკომენდაცია, არამედ სიცოცხლის დაცვის აუცილებელი პირობაა. გასაგებია ისიც, რომ ყველას არ აქვს საშუალება ახალი ზამთრის საბურავები შეიძინოს, თუმცა, ამ სიტუაციაში გამოსავალი მეორადი საბურავები ნამდვილად არ არის. ასეთ შემთხვევაში უფრო გონივრულია ადამიანებმა თავი შეიკავონ შორ მანძილზე გადაადგილების დაგეგმვისგან, ვიდრე საკუთარი და სხვისი სიცოცხლე დაუცველ პირობებში ჩააყენონ. მეორადი საბურავების ყველაზე დიდი პრობლემა მათი უცნობი ისტორიაა. მძღოლს არ შეუძლია იცოდეს, რა პირობებში ინახებოდა საბურავი, როგორ და რა რეჟიმში იყო ექსპლუატაციაში, ან რა ფარული დაზიანებები აქვს: მიკრობზარები, დარტყმით გამოწვეული დეფორმაციები, გადახურებით დაზიანებული რეზინი თუ სხვა. გარდა ამისა, ბაზარზე ხშირად გვხვდება საბურავები, რომელთა პროტექტორი ხელოვნურად არის გაღრმავებული. ასეთი „აღდგენილი“ საბურავი გარეგნულად შეიძლება ნორმალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ სტრუქტურულად გაცილებით სუსტია. შედეგად, მისი გამოყენება ისეთივე მაღალ რისკს ქმნის, როგორც ყინულსა და თოვლზე ზაფხულის საბურავით გადაადგილება. სწორედ ამიტომ, ზამთრის პირობებში მეორადი საბურავის შეძენა სრულად უნდა ავირიდოთ. უსაფრთხოებას დამატებით უზრუნველყოფს ის ფაქტიც, რომ ახალი ზამთრის საბურავები აღჭურვილია სპეციალური DOT კოდით, რომელიც მძღოლებს საშუალებას აძლევს, მარტივად განსაზღვრონ საბურავის დამზადების წელი და კვირა, მისი ტიპი და ის პირობები, რომლებშიც ექსპლუატაციაა რეკომენდებული. საბოლოოდ, როდესაც საქმე სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ეხება, მცდელობამ – დავზოგოთ მცირე თანხა – არ უნდა გადააჭარბოს საღ აზრს. ზამთრის სეზონზე ერთადერთი უსაფრთხო და სწორი არჩევანია ახალი, სანდო და ხარისხიანი საბურავების შეძენა“.




