ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და ქალაქში შეჭრილი რუსული ჯგუფი ალყაში მოაქციეს. ეს ის ქალაქია, რომელიც ცოტა ხნის წინ პუტინმა აღებულად გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “უკრაინსკა პრავდა”, უკრაინის არმიაზე და პროექტ DeepState-ის რუკაზე დაყრდნობით.
„დავალება იყო ქალაქში შესვლა და მისი რუსებისგან გაწმენდა. ჩვენ ერთდროულად 2-3 მიმართულებით ვმუშაობდით, მათი ლოჯისტიკა გავწყვიტეთ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქში მყოფი რუსები სრულიად მოწყვეტილები არიან. დიდი ხნის განმავლობაში მათ ვერ გაიგეს, რა ხდებოდა. მაგრამ ახლა იციან, რომ ალყაში არიან მოქცეულნი', – ამბობს იგორ ობოლენსკი უკრაინელი სამხედრო მეთაური.
რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები კუპიანსკში 6 კმ სიღრმეზე შეიჭრნენ, რის შედეგადაც ქალაქში და მიმდებარე სოფლებში სიტუაცია კრიტიკული გახდა.
უკრაინის არმიაში ამჟამად აცხადებენ, რომ სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე დადასტურებულად დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა ათასზე მეტია და ამჟამად ქალაქში 200-ზე მეტი რუსი არ იმყოფება.
„ახლა ისინი იყენებენ ყველა არსებულ რეზერვს და ცდილობენ თავდაცვის გარღვევას. მაგრამ ჩვენ ყველას ვხედავთ და ვანადგურებთ. სხვათა შორის, ჩვენ ბევრ უცხოელს ვამონიტორინგებთ, კერძოდ, სირიიდან და აფრიკის ქვეყნებიდან“, – ამბობს ობოლენსკი.
ვლადიმერ პუტინმა და რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ განაცხადეს კუპიანსკის სრული ოკუპაციისა და „უკრაინის შეიარაღებული ძალების 15 ბატალიონის ალყაში მოქცევის“ შესახებ.
რუსების განცხადებები „უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევის“ და „ქალაქის გათავისუფლების“ შესახებ ძალიან ხშირად ემთხვეოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების ინტენსიფიკაციას.



