„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სპეკულაციას უწოდებს ჯანდაცვის მუშაკების მოსაზრებას, რომ სახიფათოა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ბაზის შექმნა, რომელზეც წვდომა შსს-ს ექნება.
„რაც შეეხება მონაცემებს, სახელმწიფოს ზოგადად, სხვადასხვა სახის მონაცემები აქვს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაფინანსების და დაზღვევის ფარგლებში ინფორმაცია აქვს ადამიანების სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით. როდესაც მკურნალობენ — და უფასოა ჩვენთან მკურნალობის დიდი ნაწილი — მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს. ეს ინფორმაციები არსებობს. ამაზე კიდევ უფრო მეტი სენსიტიური თემები გროვდება სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან სახელმწიფო, მათ შორის სერვისების გაწევის დროს, იღებს ბევრ ინფორმაციას“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი და ყველა მსგავსი ინფორმაცია დაცულია.
„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სახელმწიფოს ბევრი სენსიტიური მონაცემი აქვს და აქვს პასუხისმგებლობა, ეს ინფორმაცია დაცული იყოს. არ მგონია, დღემდე ვინმეს პრეტენზია წარედგინა, რომ მსგავსი მონაცემები დაცული არ არის. პირიქით, მედიის მხრიდან ვხედავთ ხოლმე სხვადასხვა პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონმდებლობა გვაზღვევს პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენებისგან.
„თქვენ თუ ტოტალური უნდობლობა გაქვთ სახელმწიფოს მიმართ, ანარქისტი ყოფილხართ და მაშინ სახელმწიფო ყოფილა გასაუქმებელი“, — განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას ითვალისწინებს. კანონით, „იარაღის შესახებ“ გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მიმნიჭებელი და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამცემი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვონ ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით.
საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი ეწინააღმდეგება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას. პროფკავშირის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესად მაღალი რისკის მატარებელია, რადგან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა იყოს ადამიანების კონტროლის, დისკრიმინაციისა ან მანიპულაციის იარაღი.
ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილის განმარტებით, დღეისათვის არსებობს სამედიცინო აღრიცხვა, რომელიც ხორციელდება: ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ოჯახის ექიმის ან სპეციალისტის მიერ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (მაგ. ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა), დაავადებათა კონტროლის ცენტრში – სტატისტიკისთვის.
აღრიცხვა მოიცავს: დიაგნოზს (ICD-10); ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის ფაქტებს.
ეს არის კლინიკური დოკუმენტაცია და არა „რეესტრი“ სამართლებრივი გაგებით.
ვის აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე? უფლებამოსილი პირია მკურნალი ექიმი, სამედიცინო დაწესებულება და თავად პაციენტი.
არ აქვთ წვდომა ავტომატურად: დამსაქმებლებს, უნივერსიტეტებს, პოლიციას, სასამართლოს (გარდა სპეციფიკური სამართლებრივი მოთხოვნისა), სამხედრო ან მიგრაციულ უწყებებს.
მონაცემები დაცულია: პაციენტის კონფიდენციალურობის, პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის, ბიოეთიკური ნორმების მიხედვით.
როდის შეიძლება ინფორმაცია გახდეს სამართლებრივად მნიშვნელოვანი? – ინფორმაციის გამოთხოვა შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როგორიცაა იძულებითი ჰოსპიტალიზაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, იარაღის ფლობის საკითხი, მძიმე დანაშაულთან დაკავშირებული საქმე. და ამ შემთხვევაშიც – არა „რეესტრიდან“, არამედ კონკრეტული სამედიცინო დასკვნით.
ამ თემაზე:
ფსიქოლოგთა პროფკავშირი ეწინააღმდეგება ერთიანი რეესტრის შექმნის გადაწყვეტილებას




