“ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ეძღვნება. ის თურქმენეთის ინიციატივით დააწესა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქმენეთის მთავრობას დიალოგის, თანამშრომლობისა და კონსტრუქციული ჩართულობის ხელშეწყობისადმი ურყევი ერთგულებისთვის, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.
ჩვენი სესიის თემაა „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“. ის ზედმიწევნით ეხმიანება საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული – შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ესწრება ფორუმს, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს. მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის დღეს იმართება. ფორუმს ასევე ესწრებიან: ირანის, უზბეკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ლიდერები და სხვები..
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში წელს უკვე მესამედ ჩავიდა.




