გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე “კურიერთან” ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ბებია საუბრობს. მამიდის ქმარმა, 14 წლის გოგო კახეთში, ერთ-ერთ ფერმაში გააუპატიურა. მსხვერპლმა ძალადობის შესახებ დედას მოუყვა. მოზარდის ნათესავები ყვებიან, რომ ბიძა და ბავშვი გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამუშაოდ იმყოფებოდნენ. არასრულწლოვანი გოგოს მამიდა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, მისი ქმარი კი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათ სახლში ცხოვრობდა.
საზარელ დანაშაულზე საუბრობენ მეზობლებიც. ძალადობის მსხვერპლი გოგოს ბაბუა კი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ ოჯახის წევრებს მამაკაცი უკვე გაქცეული დახვდათ. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მის კვალს მიაგნეს. არასრულწლოვანის მეორე ბიძამ, შურისძიების მიზნით, ბრალდებულს სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან მალევე ის პოლიციამ დააკავა.
მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებულის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს, სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. პროცესზე დაცვის მხარე 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა წინასწარი განზრახვის ნაწილს არ ეთანხმება. პროკურორი კი, პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად, ბრალდებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხეებს ასახელებდა, რაც სიღნაღის მოსამართლემ გაითვალისწინა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.
სავარაუდო მოძალადე გამომძიებლების კითხვებს ჯერჯერობით ვერ პასუხობს. ექიმების ინფორმაციით, 45 წლის კაცი მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
საქმეზე გამოძიება 137-ე გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. დაჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიება კი, 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.