თავიდანვე ვიტყვი, რომ მასთან ომსა და პოლიტიკაზე არ მისაუბრია. უბრალოდ, მინდა გაგაცნოთ საინტერესო ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ჩვენს ქვეყანას მოგზაურობის საშუალებით ეცნობა.
წარმოშობით უკრაინელი გენადი კორჟი ჩვენს ქვეყანაში პირველად 2014 წელს ჩამოვიდა. უკრაინის ომის შემდეგ მეუღლესა და მეგობრებთან ერთად ტყიბულში ცხოვრობს. განათლებით ინჟინერ-ქიმიკოსი, ჩვენში ცნობილია, როგორც ლანდშაფტის ფოტოგრაფი. საქართველოში გადაღებული მისი საოცარი ფოტოები უკვე პოპულარულია. შეიძლება ითქვას, რომ მათი საშუალებით სოციალურ ქსელებში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასაც ეწევა, რადგან ყოველ ფოტოს თან ურთავს მოკლე გეოგრაფიულ მიმოხილვას, რისი ცოდნაც პოტენციური ტურისტებისთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანია.
– ბატონო გენადი, გავეცნოთ ჩვენს მკითხველს, უკრაინაში რას საქმიანობდით?
– მე დავიბადე უკრაინაში, დონეცკში. განათლებით ქიმიური ინჟინერი ვარ. დონეცკის ნავთობტექნიკურ ინსტიტუტში (JSC Yuzhniigiprogaz ) ინჟინერ-კონსტრუქტორად ვმუშაობდი. უკრაინაში ომის გამო, დღეს მეუღლესა და მეგობრებთან ერთად საქართველოში, ტყიბულში ვცხოვრობ.
– საქართველოში თქვენი გადაღებული ფოტოებით მიიქციეთ ყურადღება…
– თავიდან გეტყვით, რომ ფოტოგრაფიით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული. ბაბუისგან მემკვიდრეობით მივიღე „ზორკი-3“-ის კამერა და ფოტოს ბეჭდვისთვის საჭირო ტექნიკური საშუალება. ძალიან მიყვარდა ფირის გამჟღავნება და წითლად განათებულ ოთახში ქაღალდზე ფოტოების ბეჭდვა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ დიზაინერად დავიწყე მუშაობა.
– ლაშქრობებით როდის დაინტერესდით?
– ლაშქრობით კოლეჯის შემდეგ დავინტერესდი. ძალიან მიყვარს მდინარეზე ჯომარდობა და თხილამურებით სრიალი. მოგზაურობის დროს ფოტო-კამერა ყოველთვის თან მქონდა.
– უკრაინაში რომელი იყო თქვენი საყვარელი ადგილი, სადაც ხშირად მოგზაურობდით?
– მოგზაურობისა და ფოტოგრაფიისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი უკრაინაში იყო ყირიმი, სადაც ლაშქრობებზე წელიწადში სამჯერ: გაზაფხულზე, ზაფხულსა და ზამთარში დავდიოდი. ასევე რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და ავსტრიის სათხილამურო კურორტებზეც ვმოგზაურობდი.
– თქვენი ფოტოებიდან ჩანს, რომ საქართველოშიც უკვე ბევრ ადგილას ხართ ნამყოფი…
– დიახ, საქართველოში უკვე ბევრგან ვარ ნამყოფი და გადაღებული მაქვს ისეთი ულამაზესი ადგილები, როგორიცაა: თეთნულდი და უშბა სვანეთში; უძიროს ტბა, საირმე, რაჭაში – შქმერის მთა და შაორის ტბა; ცხრაჯვარი და ტყიბულის წყალსაცავი იმერეთში; გომის მთა გურიაში; ზეკარის უღელტეხილი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ბევრი სხვა საინტერესო ადგილი.
– ყველაზე მეტად რისი გადაღება გიყვართ?
– მე ლანდშაფტის ფოტოგრაფი ვარ და საქართველოში მოგზაურობის დროს თქვენი ქვეყნის საოცარ ბუნებას ვიღებ. ძალიან მიყვარს მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს ფოტოების გადაღება, როდესაც ბუნების ფერები განსაკუთრებით მკვეთრია. ასევე მიყვარს ვარსკვლავებით მოჭედილი ცისა და მთვარის გადაღება.
– აქ პირველად ჩამოსვლის დროს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე რამ მოახდინა?
– საქართველოში პირველად გუდაურში, 2014 წლის იანვარში, ახალი წლის დღესასწაულებზე ჩამოვედით. ქუთაისის აეროპორტში შევხვდით ტაქსის მძღოლს, რომელიც მთელი მოგზაურობის განმავლობაში ჩვენი გიდი გახდა. სახლში გაფრენამდე ოჯახთან ერთად ვახშამზე დაგვპატიჟა. მისი ფეხმძიმე რძალი ვახშმის განმავლობაში ჩვენს მაგიდასთან იჯდა. დილით აეროპორტში გავემგზავრეთ, ჩვენმა გიდმა კი თავისი ორსული რძალი, რომელსაც სამშობიარო ტკივილები დაეწყო, კლინიკაში წაიყვანა. მახსოვს, მაშინ ჩვენ ქართული სტუმართმოყვარეობითა და ქართველების სტუმრების პატივისცემით გაოცებული დავრჩით.
– სტუმართმოყვარეობის გარდა რა თვისება მოგწონთ ქართველებში?
– ყველაზე მეტად, რაც ქართველებში აღფრთოვანებას იწვევს, ეს დახმარების სურვილია. ტყიბულში ხშირად დავდივართ ხოლმე მთისგ ზებზე და გამვლელი მანქანები თითქმის ყოველთვის ჩერდებიან და დამგზავრებას გვთავაზობენ. ასევე ვაფასებ ქართველების ბუნებრივ მუსიკალურობას, როგორც სიმღერაში, ასევე ცეკვაში. ჩემს მეუღლეს ისე მოეწონა, რომ დიდი სურვილი გაუჩნდა თავადაც ესწავლა და ამ ზაფხულს გაწევრიანდა კიდეც ჯგუფში, სადაც ქართული ცეკვა შეისწავლა.
– ამბავი რომელი დაგამახსოვრდათ…
– ყველაზე დაუვიწყარი ამბავი ნაქერალას უღელტეხილზე დამამახსოვრდა. აპრილში მე და ჩემმა მეუღლემ როდო დენდრონების პეიზაჟების გადაღება გადავწყვიტეთ. სანამ პეიზაჟებს ვიღებდი, გზაზე 30 მეტრით წინ დავინახეთ დათვი, რომელიც სწრაფად გაიქცა ტყეში. მისი ქცევა იმდენად გამიკვირდა, რომ ფოტოს გადაღებაც ვერ მოვასწარი. ახლა მასთან შეხვედრაზე ვოცნებობ, მაგრამ უფრო უსაფრთხო მანძილზე.
– რა გენატრებათ ყველაზე მეტად სამშობლოში და თქვენს თანამემამულეებს რას ეტყოდით?
– უკრაინაში ბევრი ლამაზი ადგილია, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებულად ლამაზი იყო ყირიმი, სადაც 15 წლის განმავლობაში დავდიოდით ლაშქრობაში. ლასპის ყურე, ჩატი-დაგის მთათა სისტემა, ხაფხალის ჰიდროლოგიური ნაკრძალი და დემერჯის მთათა სისტემა ყირიმში ჩვენთვის ყველაზე დაუვიწყარი ადგილებია. დღეს მთელ მსოფლიოში მცხოვრებ უკრაინელებს მინდა ვუსურვო მთავარი, რომ არ დაკარგონ იმედი, ერთიანები იყვნენ და სწამდეთ უკრაინის მომავლის…
რამდენიმე დღის წინ, გენადი კორჟს დაბადების დღე ჰქონდა. ადგილობრივების გულწრფელი პატივისცემა რომ დაიმსახურა, ამაზე მისი პროფილის გვერდზე დაწერილი სოფო სირბილაძის ეს მილოცვაც ცხადყოფს:
„მადლობა, რომ შეიყვარეთ და ისედაც ლამაზი ოკრიბა უფრო ლამაზად დაგვანახეთ თქვენი ობიექტივიდან. მახარებს ის რომ ყველას თბილ და დადებით ენერგიას უნაწილებთ. მინდა წარმატება გისურვოთ თქვენს საქმიანობაში!“ – ამ ადამიანის განწყობას და მილოცვას, ბუნებრივია, ჩვენც ვუერთდებით.
თეონა გოგნიაშვილი




