უკრაინაში მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა რუსული დრონებით შეტევას, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.
უკრაინის სხვადასხვა რეგიონში შუაღამიდან გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციებმა რუსული დრონების მორიგი შეტევით გამოწვეული შედეგების გამოქვეყნება 12 დეკემბერს, დილით დაიწყეს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, პავლოგრადის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ხანძარი გაუჩნდა ხუთ კერძო სახლს, ერთი დანგრეულია.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოდესის რაიონში დაზიანებულია ენერგოობიექტები, საწყობები და ადმინისტრაციული შენობა. ქალაქ ოდესაში ერთი სახლი დაზიანდა. დასახლებული პუნქტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დილის ცხრა საათისთვის დადასტურებულია რუსეთის ჯარების მიერ ღამის განმავლობაში გამოყენებული 80 უპილოტო საფრენი აპარატიდან 64-ის ჩამოგდება და 12 მოუგერიებელი დრონით პირდაპირი დარტყმა 8 ადგილზე.
რუსეთის ტვერის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიტალი კოროლიოვმა დილით განაცხადა, რომ ქალაქ ტვერში უკრაინული დრონით შეტევა იყო მრავალბინიან სახლზე და დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ქალაქ იაროსლავში დრონებით დარტყმა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავნეფტ-იანოსზე“. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იაროსლავზე დრონებით შეტევა დაადასტურა, თუმცა ქარხნის შესახებ არაფერი უთქვამს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 90 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ყველაზე მეტი, 63 ბრიანსკის ოლქში, ხოლო დანარჩენი – იაროსლავში(8), მოსკოვის რეგიონში(4), სმოლენსკის(3), ტვერის(3), ტამბოვის(2), ტულის(2), ორიოლის(1) და როსტოვის(1) ოლქებში და შავი ზღვის(3) აკვატორიაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოუგერიებელი დრონების რაოდენობას, როგორც წესი, არ ასახელებს.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული მსგავსი ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.
ფორუმი




