დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა ქვეყნის ტერიტორიული წყლების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად ზომებს მიმართა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავი „კრასნოდარი“.
სამეფო ფლოტის მიერ 11 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, დიზელ-ელექტრონული „კრასნოდარი“ ზღვის ზედაპირზე მოძრაობდა ჩრდილოეთის ზღვიდან დუვრის სრუტის გავლით ლა-მანშის სრუტისკენ.
დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში შესული რუსული წყალქვეშა ნავი სამეფო ფლოტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ოპერაცია სამ დღეს გაგრძელდა.
„კრასნოდარს“ თან დაჰყვებოდა სამხედრო გემი Tidesurge, რომლის ბორტზეც განთავსებულია სპეციალური ვერტმფრენი Merlin.
დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის განცხადებით, მზად იყვნენ შესაბამისი ოპერაციისთვის, თუ „კრასნოდარი“ ზღვის ზედაპირიდან სიღრმეში ჩასვლას გადაწყვეტდა.
მას შემდეგ, რაც ბრიტანული სამხედრო გემის მეთვალყურეობით რუსულმა წყალქვეშა ნავმა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლები დატოვა და საფრანგეთის სანაპიროს მიუახლოვდა, სამეფო ფლოტმა მისი მეთვალყურეობა ფრანგ მოკავშირეებს გადასცა.
სამეფო ფლოტის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა რაოდენობა იმ რუსული გემების, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებს საფრთხეს უქმნიან.
ეს არ არის ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში „კრასნოდარის“ შესვლის პირველი შემთხვევა. 2025 წლის მაისში ბრიტანული მედია წერდა, რომ სამეფო ფლოტმა ლა-მანშის სრუტეში „გზად დაიჭირა“ რუსული წყალქვეშა ნავი „კრასნოდარი“. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობამ მაშინ განაცხადა, რომ ეს ფორმულირება არასწორია და არანაირი „სენსაცია“ არ მომხდარა, რადგან საერთაშორისო წესებით, წყალქვეშა ნავები ლა-მანშის სრუტეს გადიან ზღვის ზედაპირზე და „კრასნოდარიც“ ხმელთაშუა ზღვაში „ამოცანების შესრულების“ შემდეგ „გეგმურად ბრუნდებოდა“ დისლოკაციის ადგილისკენ.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავიდან „კრასნოდარი“ ფრთოსანი რაკეტების გაშვებაა შესაძლებელი. 2017 წელს „კრასნოდარი“ სირიაში მონაწილეობდა ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად რუსეთის სამხედრო ოპერაციაში.
უკრაინის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში „კრასნოდარიდან“ ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა შეტევა ქალაქ ვინიცაზე, სადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
2023 წლის ივნისში ქალაქ კრასნოდარში მოკლეს ამ წყალქვეშა ნავის ყოფილი კაპიტანი სტანისლავ რჟიცკი. რუსეთმა მკვლელობის ორგანიზებაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევში ეს უარყვეს.
ფორუმი




