მხარდაჭერის თვალსაზრისით ოპოზიცია ასეთ მინიმალურ დონეზე არასდროს ყოფილა, ასევე კომპეტენციისგან ასე დაცლილი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის წარმოდგენილი გნებავთ პარლამენტში, თუ პარლამენტს მიღმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის შანსებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ოპოზიციაში გამოცხადებულია სრული განგაში და ისინი პანიკურ სიტუაციაში არიან ჩავარდნილი.
„დღეს ოპოზიცია თავისი რეიტინგით ისეთ ნიშნულზე არის დასული, რომ ალბათ, ისტორიულ მაჩვენებელზეა რეგრესის თვალსაზრისით. მხარდაჭერის თვალსაზრისით ოპოზიცია ასეთ მინიმალურ დონეზე არასდროს ყოფილა, ოპოზიცია კომპეტენციისგან ასე დაცლილი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის წარმოდგენილი გნებავთ პარლამენტში, თუ პარლამენტს მიღმა. ეს არის ჭორაობაზე, სიცრუის ტირაჟირებაზე მთლიანად გადართული ოპოზიცია, რომელსაც ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვს. კომპეტენცია აბსოლუტურად არ ჰყოფნის იმისთვის, რომ რაღაც საკითხზე კონსტრუქციულ განხილვაში და დავაში შევიდნენ და ზუსტად ეს განაპირობებს იმას,რომ მათ არანაირი რეიტინგები არ აქვთ. ამის საპირისპიროდ „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობიანად აგრძელებს ქვეყნის ინტერესების განხორციელებას, მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ წინსვლას, უსაფრთხოების ფორმატების გაზრდას, ახალი გლობალური ფუნქციური დანიშნულების შეძენას და გაძლიერებას, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა მეგობარ სახელმწიფოებთან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გარდა ამ საკითხისა გივი მიქანაძემ ისაუბრა ევრორეკომენდაციების შესრულების მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე და ამ კუთხით ოპოზიციის განცხადებებზე.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფები უნდა შეიქმნას, ეს არის სუფთა პოპულისტური განცხადებები.
„ამ ადამიანებმა როდესაც წლინახევრის განმავლობაში 12 რეკომენდაციასთან მიმართებაში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები, არაფერი გააკეთეს და მხოლოდ იმით იყვნენ დაკავებულები, რომ დარბოდნენ ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში და ჩვენ პარტნიორებს ევროკავშირიდან პირდაპირ ღია ტექსტით ეუბნებოდნენ, რომ საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ეს გააკეთეს მათ. ახლა, აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს, რომ თითქოს სამუშაო ჯგუფები არ იქმნება, პროცესი არ მიმდინარეობს, პროცესი არც ერთი წამითაც არ შეჩერებულა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ და ოპოზიციის განცხადებებს ამ საკითხთან მიმართებით „სპეკულაციური“ უწოდა.
რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო ჯგუფებს, გივი მიქანაძის თქმით, ამის შექმნის ვალდებულება არ არის.
„რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო ჯგუფებს, ამის ვალდებულება არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რა ფორმატი შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ მაქსიმალური ინკლუზიურობა უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე კვირაა დარჩენილი საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე, მმართველ გუნდში ექნებათ შიდა კონსულტაციები და, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდებიან იმ პოზიციაზე, რომელიც ამ პროცესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იქნება, რასაც საჯაროდაც განაცხადებენ.
„შემდგომში ვნახოთ,ოპოზიციის ჩართულობა და მონაწილეობა, რა იქნება, თუმცა მოლოდინი არ გვაქვს ახლახან ნანახი პრაქტიკული პროცესიდან გამომდინარე, როდესაც დესტრუქციაზე და ქვეყნის დაზიანებაზე იყვნენ ორიენტირებულები. ამიტომ, მათი მხრიდან ეს განცხადებები არის, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას არასწორი აღქმები შეუქმნა, რასაც ჩვენი საზოგადოება მორიგ ჯერზე არ უსმენს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
