„200-300 მეგავატიანი ჰესის აშენებისთვის მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარია საჭირო, ასეთი თანხების დაბანდება საქართველოში ბევრი ინვესტორებისთვის რთულია, მით უმეტეს, რომ ამონაგები ძალიან მცირეა“

„200-300 მეგავატიანი ჰესის აშენებისთვის მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარია საჭირო, ასეთი თანხების დაბანდება საქართველოში ბევრი ინვესტორებისთვის რთულია, მით უმეტეს, რომ ამონაგები ძალიან მცირეა“
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იმდენად მასშტაბური და დროში გაწელილი პროექტებია, იმდენად მცირეა ამონაგები, მხოლოდ კერძო ინვესტორი ამ საკითხით არ დაინტერესდება, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ისაუბრა.
როგორც ის განმარტავს, შესაბამისად, აუცილებელია, დიდი ჰესების მშენებლობაზე სახელმწიფომ იზრუნოს, ან როგორც მინიმუმ, მნიშვნელოვან წილში შევიდეს კერძო სექტორთან. თუმცა, როგორც გიორგი ქობულია აღნიშნავს, სამწუხაროდ, ამაზე დღეს სერიოზულად არავინ მუშაობს.
„პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ენერგეტიკა, განსაკუთრებით კი ჰიდრო ენერგეტიკა – ეს არის ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიული მიმართულება, ეს არის ერთ-ერთი სფერო იმ მცირე რაოდენობის სფეროებიდან, რომელშიც სხვა ქვეყნებთან შედარებით სტრატეგიული უპირატესობა გვაქვს. ბუნებრივად გვერგო ისეთი გარემო, რომელიც ძალიან კარგ პირობებს ქმნის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის. აქ ახალი არაფერია, ყველამ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს პოტენციალი ვერ გამოვიყენეთ.
200-300 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებისთვის საჭიროა მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარიდან 2 მილიარდამდე. ასეთი თანხების ინვესტირება საქართველოს დღევანდელ პირობებში ბევრი ინვესტორებისთვის რთულია. მეორე ფაქტორია ის, რომ ასეთი პროექტები დიდი მომგებიანობით არ გამოირჩევა“, – აცხადებს გიორგი ქობულია.