„გლობალ ტრანსპორტერს“ და „სფეის კარგოს“ კანონის დარღვევის ფაქტები დაუდგინა – GCCA

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ამანათების და ტვირთების ტრანსპორტირების 2-კომპანიას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტები დაუდგინა.
კერძოდ, მომხმარებლების მიერ სააგენტოსთვის მიმართვისა და GCCA-ის მიერ განცხადებების შეფასება-შესწავლის შედეგად, შპს „გლობალ ტრანსპორტერის“ და შპს „სფეის კარგოს“ მხრიდან უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დადასტურდა.
შპს „გლობალ ტრანსპორტერის“ შემთხვევაში, მომხმარებელმა სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვითაც მოვაჭრის საზღვარგარეთის მისამართზე მისული ამანათი არ აისახა მომხმარებლის პირად კაბინეტში, ხოლო მომხმარებლის მიერ GCCA-ისთვის მომართვის გამო მოვაჭრემ მას, გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მომსახურებით სარგებლობის უფლება შეუზღუდა, რაც სააგენტოს მიერ ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტულ პირობად შეფასდა. ამასთან, საქმის შეფასება-შესწავლისას გამოიკვეთა, რომ კომპანიის მიერ მომხმარებლებს არ მიეწოდებათ მომსახურების არსებითი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, რაც უმოქმედობით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს.
რაც შეეხება შპს „სფეის კარგოს“, მომხმარებლებმა მიმართეს სააგენტოს განცხადებით, რომლებიც მოვაჭრის მხრიდან ნაკლოვანი მომსახურების გაწევის ფაქტს შეეხებოდა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში ამანათის საქართველოში ჩამოსვლისას, მისი ტრანსპორტირების ღირებულება მომხმარებელს დაუანგარიშდა შეთანხმებულისგან განსხვავებული ფორმით, ხოლო მეორეს მხრივ – ამანათის დაკარგვის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე მოვაჭრემ უარი განაცხადა. საქმის შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა კომპანიის მხრიდან უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი. გარდა ამისა, მოვაჭრემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საზღვარგარეთ მიღებული ამანათის საქართველოში ჩამოტანის ნაწილში არაჯეროვნად შეასრულა – მომხმარებელს არ მიეწოდა საზღვარგარეთის მისამართზე მიღებული ამანათი.
ინფორმაციას GCCA ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ინდუსტრია „სიცოცხლისა და სიკვდილის“ წინაშე დგას. ჩინეთის უზარმაზარი სავაჭრო პროფიციტი „საკუთარ მომხმარებლებს კლავს“ – ევროპული ბაზარი იაფი ექსპორტით აქვს დატბორილი – ემანუელ მაკრონი