რეზო კიკნაძე: რასაც დღეს ეს “დეფორმა” უპირებს განათლებას საქართველოში – არც კონცეფციაა, არც განათლებაზეა… არც – არაფერზე, გარდა პერსპექტივის წართმევისა

ეს (ცოტა ქვემოთ იწყება, scroll down), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მივწერე ლექტორების გამოკითხვის პასუხად, მაგრამ უკმარისია, რადგან ცალკე საგანგაშო და სანერვიულოა (იქნებ – უფრო მეტადაც!) კონსერვატორიის გარეთ და მის პარალელურად მიმდინარე მუსიკალური განათლება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თავისი პანმუსიკალიზმით, წინასაკონსერვატორიო თუ საჯარო სკოლებშიც, არაფორმალურ სასწავლო კერებშიც და, რაც მთავარია უნივერსიტეტებში – იქ, სადაც ის უნივერსალური განათლება ხდება, პროფესიული უნარების მიღმა რომ განსაზღვრავს ადამიანის ადამიანობას, მის კულტურულ იდენტობას, საზოგადოებრივ კუთვნილებას, ემოციურ და ინტელექტუალურ სიმრთელეს…
ერთია საკონსერვატორიო მუსიკალური განათლება, მართლაც რომ საამაყო და თავმოსაწონი, რომლის შედგები მართლაც რომ შორს გასცდენია ლოკალურ-ეროვნულ ფასეულობას (საბაზროსაც მათ შორის! 😡), მაგრამ – “ელიტური” და რაღაცნაირად მიუწვდომელი “ჩვეულებრივი ხალხისთვის”: 90-იანების თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო თავით გადაეშვა ეკონომიკურ პრობლემებში, საშოვარზე და თავის გამოკვებაზე პერმანენტულად მოფიქრალი ქართული ოჯახების უმრავლესობას სადღა ეცალა, ბავშვისთვის მუსიკა შეეთავაზებინა.
ტრადიციულ-შემოქმედებით-ინტელიგენციურ და ამგვარ ოჯახებს არ ვგულისხმობ: ჩვეულებრივ, ქალაქში თუ რეგიონში ყოველდღიური პრობლემებით შეწუხებულ და ქანცგამწყდარ მშობლებს ვგულისხმობ, მუსიკა და ხელოვნება რომ შეიძლება სულ ბოლოშიც არ გაახსენდეთ ბავშვისთვის, რადგან საკვები და წამალია ქცეული პრობლემად. აი ამ ფონზე გაზრდილი სკოლადამთავრებულისთვის, უნივერსიტეტის შედარებით უფრო ტოლერანტული სტუდენტური პერსპექტივის პირობებში, სწორედ უნივერსიტეტის სივრცეა, სადაც უამრავ ახალგაზრდას ასრულებია ოცნება, ზიარებოდა მუსიკას და ახლებურად განეცადა თავისი თავიც და შეეცნო გარესამყაროც. ამის ბედნიერი მოწმე და მონაწილე 2009 წლიდან ვარ ილიაუნიში, მაშინ ჯერ სემესტრში ერთხელ რომ ჩამოვდიოდი გერმანიიდან და “არამუსიკოსებს” ვასწავლიდი ელექტროაკუსტიკურ მუსიკას. სამუდამო ბედნიერებისთვის ისიც მეყოფა, რომ მათგან ბევრმა სრულად მიუძღვნა თავი ამ საქმეს, რამდენიმე კი დღეს არამხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის მუსიკოსი, ტექნოლოგი და პედაგოგია.
ის, რასაც დღეს ეს “დეფორმა” უპირებს განათლებას საქართველოში – არც კონცეფციაა, არც განათლებაზეა, არც, მით უმეტეს, არავითარი კავშირი არა აქვს ქართული ისტორიული განათლების კერების გროტესკულად დამოწმებასთან, არც სტუდენტების თუ ახალგაზრდობის კეთილდღეობაზეა, არც – არაფერზე, გარდა პერსპექტივის წართმევისა, აკრძალული წესებით ადგილზე მიჯაჭვისა და იმნაირად მოფიქრალ და მომსახურე (არა)ადამიანად ქცევის, როგორიც სჭირდება “ბაზარს” – მორჩილი, უვიცი, ყალბი სიწმინდეებით მოტრაბახე.
ხელოვნებას ამ შემთხვევაშიც ვერაფერი გააჩერებს, მაგრამ რამდენს მოეწამლება სიცოცხლე და “დაეშლება სული!” 😢
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას
პასუხი კითხვაზე „უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის“ შესახებ
უკიდურესი შეშფოთებით გავეცანი ოთხგვერდიან დოკუმენტს, რომლის ყველა პუნქტი დაუსაბუთებელ, საქმეში ჩაუხედავ და დესტრუქციულ გეგმებს შეიცავს, ერთიანად კი თავს გვახვევს აგენდას, რომლის სავალალო შედეგი ამთავითვე ცხადად ჩანს და საერთოდ არ შეესაბამება განათლების ხარისხის ან ინფრასტრუქტურის რამენაირ გაუმჯობესებას ან განათლებაზე დახარჯული რესურსების ხარჯვითი ნაწილის ოპტიმიზაციას. პირიქით, ეს კონცეფცია არათუ ძირს უთხრის, არამედ სრულად ანადგურებს უმაღლესი განათლების არსს და მიწასთან ასწორებს საუნივერსიტეტო იდეას, რომელსაც თავიდანვე დაეფუძნა ქართული საუნივერსიტეტო სივრცე. ამ სივრცის აქტუალური სტატუსიც და ზოგადკაცობრიული (ცივილიზაციური!) მრწამსიც განმსაზღვრელია ქვეყნის და საზოგადოების კულტურული, მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პერსპექტივისა, საქართველოს მომავალს და მის საერთაშორისო ცივილიზაციურ კონტექტსში პოზიციონირებას რომ განაპირობებს. ეს დოკუმენტი კი აქამდე უპრეცედენტო დესტრუქციას უქადის როგორც ზოგადად საუნივერსიტეტო, ისე სახელოვნებო და, კერძოდ, სამუსიკო განათლებას.
უნივერსიტეტისთვის თავსმოხვევა რომელიმე ერთი მიმართულებისა პირდაპირ ეწინააღმდეგება ჯერ ერთი – უნივერსიტეტის ავტონომიას და აკადემიურ თავისუფლებას, რომელიც აქამდე გარანტირებული ჰქონდა კონსტიტუციით (მუხლი 27, პუნქტი 3) და მეორე – უნივერსიტეტის, როგორც მრავალპროფილური სასწავლო, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინსტიტუციის პრინციპს.
სწავლის ხანგრძლივობის ასე ერთი ხელის მოსმით რედუქცია ყველა საფეხურზე (სასკოლო, საბაკალავრო, სამაგისტრო) სრულიად გაუაზრებელ, დაუკითხავ და აგრესიულ ნაბიჯად მიმაჩნია. სახელოვნებო სფეროს ეს, თუ უფრო მეტად არა, სულ ცოტა, ისევე მტკივნეულად ამახინჯებს და განადგურებით ემუქრება, როგორც სხვა საუნივერსიტეტო სფეროების უმრავლესობას, სადაც სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი პრაქტიკა უპირობოდ უნდა მიმდინარეობდეს ამ სამი კომპონენტის ერთიანობაში, ამავე დროს კი – სასიცოცხლოდ აუცილებელ ინტერაქციაში სხვა დარგებთან. მუსიკის შემთხვევაში ეს – დღევანდელი მუსიკალური რეალობის სრულად მოცვასთან ერთად (შემსრულებლობა, კომპოზიცია, მუსიკოლოგია, მუსიკის ტექნოლოგია) გულისხმობს იმ ყოვლად აუცილებელ სხვადასხვაობას, რომელიც, ერთ სასწავლებელში ადმინისტრირებული, ვერასდროს შეედრება, ვერ „შეეჯიბრება“ სხვას და ამით – ვერ განვითარდება, რადგან საკუთარ წვენში ხარშვის უიმედო პერსპექტივას ვერანაირად ვერ დააღწევს თავს. არ შეიძლება სხვადასხვაობის, მრავალფეროვნების იმ შესაძლებლობას, დღეს რომ არსებობს, რაიმე ეკონომიკური თუ ადმინისტრაციული მოსაზრებით გადაეკეტოს გზა და დაესვას წერტილი – ეს პირდაპირ მოასწავებს ამ სფეროს უკონტროლო და უკონკურენტო დაკნინებას.
ეს რედუქცია კიდევ ერთ გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს ჩვენს განათლებას ყველა საფეხურზე: წყდება არათუ შინაარსობრივი, არამედ უკვე წმინდა კვანტიტატიურ-ფორმალური კავშირი და შესაბამისობა საერთაშორისო სასწავლო სისტემასთან: ვერც სასკოლო, ვერც საბაკალავრო და ვერც სამაგისტრო პროგრამა ვეღარ შეინარჩუნებს იმ თავსებადობას, ასეთ სიმდიდრედ რომ შეგვრჩენია ჯერ კიდევ, სანამ ბოლონიის პორცესის მონაწილე ქვეყნად ვითვლებით და სანამ ჩვენი პროგრამების აგებულებაც უპრობლემო თანხვედრაშია მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცესთან და ჩვენი სასწავლო ატესტატიც / დიპლომიც იცნობა საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და აკადემიების მიერ.
კრიტიკული კომენტარები სხვაც ბევრი გამოითქმის, რადგან კონცეფცია აშკარად საქმის უცოდნელად და გაუაზრებლადაა შემუშავებული, მაგრამ ის რამდენიმე შემზარავი პერსპექტივაც, რაც ერთის შეხედვითაა თვალშისაცემი, საკმარისი მგონია, რომ უარი ითქვას ასე ძალადობრივ და დამღუპველ ცვლილებაზე, რომელიც უდავოდ გაანადგურებს ჩვენი განათლების ხარისხს, ჩამოშლის მის ინფრასტრუქტურას, საერთაშორისო კონტექსტიდან ამოგლეჯს და პროვინციულ იზოლაციაში მოაქცევს ჩვენი კულტურული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი არსებობის ყველა სფეროს.
პატივისცემით,
რეზო კიკნაძე, მოწვეული მასწავლებელი
კომპოზიტორი, შემსრულებელი,
მუსიკის ტექნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

ასევე დაგაინტერესებთ

მურთაზ ზოდელავა – მზად ვარ, ყველა მუხლი ჩემს თავზე ავიღო, თუ გინდათ, კიდევ დაამატეთ, ოღონდ პროკურატურამ ლმობიერება გამოიჩინოს ამ საქმეში პატიოსანი ადამიანების მიმართ – გთხოვთ, მათთვის საპროცესო შეთანხმება გახადოთ ხელმისაწვდომი