ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის ასაშენებლად ₾480 მილიონი გამოიყოფა – სად გაივლის მაგისტრალი?

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობისთვის, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯამში 480 მილიონი ლარია საჭირო.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეს თანხა 4 წელზეა გადანაწილებული შემდეგი ოდენობით:
· 2026 წელი – 15 მილიონი ლარი
· 2027 წელი – 85 მილიონი ლარი
· 2028 წელი – 160 მილიონი ლარი
· 2029 წელი – 220 მილიონი ლარი
„ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობის პროექტის მოსალოდნელი შუალედური შედეგია: მიწების გამოსყიდვასთან დაკავშირებით დაწყებული პროცედურები.
საბოლოო შედეგი კი – აშენებული 31 კმ-იანი საავტომობილო გზაა, რითაც გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტით მგზავრთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება, შემცირდება მგზავრობის დრო და ა.შ.
ასევე საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა სატრანსპორტო გადაზიდვების საერთაშორისო კორიდორებში, ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობის უზრულველყოფა“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.
გზის პროექტის დონორად კი აზიის განვითარების ბანკია [ADB] მითითებული.
რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი – დაფინანსების წყარო[ები], არის თუ არა ცნობილი დონორი და პროექტის მთლიანი ღირებულება [მშენებლობის ჩათვლით]. როდის გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2025 წლის პირველ სექტემბერს მიმართა.
„დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარეობს ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები და ამ ეტაპისთვის არ არის დასრულებული საპროექტო სამუშაოები. შესაბამისად, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებელობას, მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან 11 სექტემბერს.
დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ „ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის გამო რამდენი კერძო ნაკვეთი და რამდენი საცხოვრებელი სახლი მოხვდა აღებაში? რა თანხაა გათვალისწინებული მათ საკომპენსაციოდ? დაწყებულია თუ არა გამოსყიდვა?“
„მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადების პროცესშია მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნულ ეტაპზე ხდება არსებული სიტუაციის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საკონსულტაციო კომპანიის მიერ. შესაბამისად, დეპარტამენტისთვის დღეისათვის უცნობია განთვისების ზოლში მოქცეული უძრავი ქონების რაოდენობა და საკომპენსაციო ღირებულებები.“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.
როდის გამოცხადდება ტენდერი გზის მშენებლობაზე, ამ დროისთვისაც უცნობია.
ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.
პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს [ასაშენებელი გზა მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.]
გათვალისწინებულია ორი დამატებითი კვანძის მოწყობა და არსებული გვირაბების პარალელურად 2 ახალი, ორზოლიანი გვირაბის აშენება. გვირაბები აშენდება სოფ. ქვედა აჭყვასთან და დაბა ჩაქვთან. პირველი გვირაბის [ქვედა აჭყვასთან] სიგრძე შეადგენს 250 მეტრს, ხოლო მეორე გვირაბის [ჩაქვთან] – 164 მეტრს.
საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.
ვრცლად: batumelebi.netgazeti.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ინდუსტრია „სიცოცხლისა და სიკვდილის“ წინაშე დგას. ჩინეთის უზარმაზარი სავაჭრო პროფიციტი „საკუთარ მომხმარებლებს კლავს“ – ევროპული ბაზარი იაფი ექსპორტით აქვს დატბორილი – ემანუელ მაკრონი