როცა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზეა საუბარი და რა თქმა უნდა, პროექტს მივესალმები, ძალიან კარგია, გაურკვეველია, როგორ უნდა განხორციელდეს ელექტროენერგიის ექსპორტი და მონეტიზაცია. ჩვენ რომ საქართველოს პოტენციალი ავითვისოთ, კაბელს ვერ გამოვიყენებთ. ამიტომ უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტულად საექსპორტო და მონეტიზაციის გზები, რაც არ არის გაკეთებული, – ასე გამოეხმაურა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საკითხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია.
გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოტენციალის სრულად ათვისების შემთხვევაში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საკმარისი არ იქნება. ამასთან ერთად, გაურკვეველია ისიც, ვის უნდა მიყიდოს საქართველომ ელექტროენერგია. თუმცა, მთავარი საკითხი, რაზეც ყოფილი მინისტრო საუბრობს, ის არის, რომ კაბელის საკითხის აქტუალურობის პარალელურად, საქართველოში პროექტის შემხვედრი ნაბიჯები ჯერჯერობით არ ჩანს.
„ერთი მხრივ, თუ გვინდა, ბოლომდე ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, ეს კაბელი საკმარისი არ არის, რადგან შეგვიძლია, კიდევ 10-ჯერ მეტი გამოვიმუშაოთ. მეორე მხრივ, დღესდღეობით რა სტატუსიც გვაქვს, კაბელის ათვისებისთვის საკმარისი ელექტროენერგიაც არ გვექნება იმ მომენტისთვის, როცა კაბელი აშენდება. კარგით, ავაშენეთ ჰესები. ჩვენი გეოგრაფია რომ წარმოვიდგინოთ, გვაქვს ჭარბი ელექტროენერგია, ვთქვათ, კაბელით მოხდა ნახევრის ექსპორტი, სად არის ჩვენი საექსპორტო ბაზრები? რუსეთისკენ რომ გავიხედავთ, ჩვენი ელექტროენერგია არ სჭირდება. არ სჭირდება არც აზერბაიჯანს, არც ირანს. სომხეთში შეიძლება მცირე რაოდენობის გატანა, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი ბაზარი და ისიც რუსეთს აქვს მთლიანად დაკავებული. რაც შეეხება თურქეთს, ითხოვს ხოლმე რაღაც პერიოდი ჩვენგან, მაგრამ ზრდის ქვეყანა საკუთარ სიმძლავრეებს და თურქეთზეც ვერ გვექნება გათვლა. ერთადერთი, შეიძლება ევროპაზე ვიფიქროთ, მაგრამ ევროპაც აშენებს ახლა განახლებადი ელექტროენერგიის საკმაო სიმძლავრეებს და იქაც კი არის მონეტიზაციის რისკები. ამდენად, რომ გადავხედოთ გეოგრაფიას, არ არის ნათელი, სად შეიძლება წავიღოთ ჭარბი ელექტროენერგია“, – აცხადებს გიორგი ქობულია.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც დღეს ძალიან აქტიურად ვითარდება, ეს არის ელექტროენერგიის ექსპორტი მონაცემთა ცენტრების მშენებლობის მეშვეობით იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს და ძალიან დიდი მოცულობის ელექტროენერგიას ითხოვს.
„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ელექტროენერგიის მოთხოვნა ძალიან დიდი იქნება. გარდა ამისა, ელექტროენერგია შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგალითად, ამიაკთან დაკავშირებული წარმოების განვითარებისთვის და სასუქების სახით გავიტანოთ. საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის საჭიროა კონკრეტული გეგმა, რომელიც იტყვის, რომ გვაქვს ასეთი მდგომარეობა დღეს და ეს უნდა გავაკეთოთ ხვალ. კომპლექსური გეგმაა საჭირო – წლების წინაც ამას ვამბობდი, არავინ შეისმინა და არ მგონია, ახლა შეისმინოს ვინმემ. დაველოდოთ და ვნახავთ, თუ იქნება ელექტროენერგია, კაბელში რომ გავატაროთ, არ იქნება! ნებისმიერი სიმძლავრის აშენებას 6 წელი მაინც უნდა და რამე დაწყებულია? არაფერი! კიდევ კარგი, აზერბაიჯანი გვყავს გვერდით, რომელიც ამ კაბელის მონაწილეა, გაატარებს თავის ელექტროენერგიას და ტრანზიტში მაინც მივიღებთ რამეს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.




