ჩინეთში, ერთ-ერთი სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრალური ჩინეთის, ხენანის პროვინციის ქალაქ ნანიანთან ახლოს მდებარე სოფელ იანშანპუში, სკოლის საერთო საცხოვრებელში ცეცხლი პარასკევს, გვიან ღამით გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. დაშავებული მე-14 ადამიანი, ხანძრის შედეგად მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის თქმით, სამართალდამცავებმა დააკავეს სკოლის ხელმძღვანელი.