ცუდია, როდესაც ოპოზიციაში არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია შინაარსობრივი დებატი ხელისუფლებასთან – ირაკლი ჩიქოვანი

მართლაც ცუდია, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიციაში არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია შინაარსობრივი დებატი ხელისუფლებასთან, რომელსაც აქვს ისეთი მაღალი მორალური პოზიციები ან ავტორიტეტი, რომ საზოგადოებასთან შეუძლია პირნათლად წარდგეს. სამწუხაროდ, ოპოზიციაში ჩვენ პრაქტიკულად ასეთებს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე, ყველა დაჩრდილულია „ნაციონალური მოძრაობით“, შესაბამისად, ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, საზოგადოებას ხელისუფლების ალტერნატივა შესთავაზოს.
“ვინც დარჩენილია [ოპოზიციაში], მათ ძალა არ ყოფნით და დაჩრდილულები არიან ისეთი პოლიტიკური ძალებით როგორიცაა “ნაციონალური მოძრაობა” და ის კრიმინალური ფული, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” უკან დგას, “ნაციონალურ მოძრაობაში” და მასთან დაკავშირებულ მედიებში ტრიალებს. ფაქტი ფაქტად რჩება: დღეს ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზოს ალტერნატივა.“ – აღნიშნა ჩიქოვანმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის საქმიანობას და აღნიშნა, რომ მიღწეულ შედეგებზე არა მხოლოდ მმართველი გუნდი, არამედ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ.
“ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას აქვს ძალიან დიდი შედეგები როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით და ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი წარმატებები საერთაშორისო ფონზე. თუნდაც ის, რომ ვხედავთ რა დონის შეხვედრები აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავოსში, რა საკითხებზე საუბრობდა, უკვე მიღწეულ შედეგებზე, რომლებზეც არამხოლოდ ჩვენ, არამედ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ დაკავებულები ვართ საქმით, რომელიც წაადგება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს.” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.