“შავი ლომი” უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. ჩელენჯ თასის მეოთხე ტურში, პირველი ქართული ფრანშიზი ევროპული საკლუბო რაგბის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს – კლერმონს დაუპირისპირდება. ფრანგული გუნდი ამ თასის გამარჯვებული ისტორიაში 3-ჯერ გახდა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ, ქართულმა გუნდმა ტრადიციული, კაპიტნის ვარჯიში გამართა და ბოლო ტაქტიკური დეტალები გაიარა. ლევან მაისაშვილის გუნდი მატჩს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება და გამარჯვების იმედი აქვს.
საქართველოს ნაკრების და “შავი ლომის” მომავალი მწვრთნელი, რიჩარდ კოკერილი ბოლო ვარჯიშს დაესწრო და ქართულ გუნდს, მის მომავალ მეტოქეზე, სხვადასხვა რჩევებით დაეხმარა.
შავი ლომის და კლერმონის მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის არენაზე 17 საათზე დაიწყება. სტადიონის კარი 1 საათზე გაიღება და მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ელოდებათ.
“შავი ლომი” ჩელენჯ თასზე 3 ტურის შემდეგ, 1 მოგებით და 2 მარცხით, ჯგუფში მეხუთე ადგილზეა. ერთადერთი გამარჯვება ქართველებმა უელსურ “სკარლეტსთან” მოიპოვეს. ჩელენჯ თასის პლეიოფში ჯგუფიდან საუკეთესო 4 გუნდი გავა.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი.