ევროკავშირს და დიდ შვიდეულს სურთ რუსულ ნავთობზე „ფასის ჭერი“ საზღვაო მომსახურების აკრძალვით ჩაანაცვლონ – Reuters

რუსეთს ნავთობის ექსპორტისთვის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გაფართოება მოუწევს, ახალი შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში, რომლებსაც ევროკავშირი და დიდი შვიდეული განიხილავენ.
ევროკავშირი და დიდი შვიდეულის ქვეყნები მოლაპარაკებებს აწარმოებენ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსული ნავთობის ექსპორტზე ფასების ლიმიტები მისი ტრანსპორტირებისთვის საზღვაო მომსახურების სრული აკრძალვით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ სააგენტო Reuters–ს ექვსმა წყარომ აცნობა.
სააგენტომ აღნიშნა, რომ თავისი ნავთობის მესამედზე მეტის ექსპორტს დასავლური ტანკერებით – ძირითადად ინდოეთსა და ჩინეთში ახორციელებს და აკრძალვა ამ ვაჭრობას დაასრულებს, რომელიც ძირითადად ევროკავშირის საზღვაო ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის, კვიპროსისა და მალტის ფლოტების მეშვეობით ხორციელდება. ნავთობის კიდევ ორი მესამედის ექსპორტს თავისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით ახორციელებს. თუ შეზღუდვები დაწესდება, მას ამ ფლოტის გაფართოება მოუწევს.
Reuters–ს ექვსი წყაროდან სამმა უთხრა, რომ აკრძალვა შესაძლოა შემოღებულ იქნეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტის ფარგლებში, რომელიც 2026 წლის დასაწყისშია დაგეგმილი. ორმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს აკრძალვის დამტკიცება G7-ის უფრო ფართო შეთანხმებასთან ერთად, სანამ აკრძალვას პაკეტის ნაწილად შესთავაზებს.
წყაროებმა დასძინეს, რომ ბრიტანელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ამ იდეას G7-ის ტექნიკურ შეხვედრებზე ავითარებენ.