ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს, რათა უკრაინის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა შეძლონ, – ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილში.
როგორც წერილშია აღნიშნული, „უკრაინის მხარდაჭერა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება, ის ასევე არის ჩვენი საკუთარი ინტერესიც“.
„ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად კომისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რათა რუსული გაყინული აქტივებიდან გამოვიყენოთ თანხა უკრაინის რეპარაციული სესხისთვის“, – ნათქვამია ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების ერთობლივ წერილში.
1tv.ge




