გიგა ფარულავა – სუს-ი აძლიერებს „ოცნების“ პროპაგანდას, ამიტომ ვერ გამოიძიებს დანაშაულს, რომელიც, შესაძლოა, მაღალი თანამდებობის პირებთან მიდიოდეს, რაც შეეხება გიორგი გახარიას, მისი პოლიტიკიდან წასვლით ოპონენტებს ვერ გავახარებთ

ოპონენტებს ნამდვილად ვერ გავახარებთ იმით, რომ გიორგი გახარია პოლიტიკიდან წავა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ეხმაურება გერმანიაში მყოფი გიორგი გახარია საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რითი შეიძლება აიხსნას აქტუალურ საკითხებზე მისი დუმილი.
გიგა ფარულავამ გამორიცხა, რომ გიორგი გახარიამ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს და აღნიშნა, რომ გახარია აქტიურად არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული.
„გიორგი გახარია უშუალოდ, პერსონალურად არის პროცესებში ჩართული. შესაბამისად, ნამდვილად გამოვრიცხავთ იმას, რომ გახარია პოლიტიკიდან აპირებს წასვლას. პირიქით, ის აქტიურად არის ამ მიმართულებებში ჩართული. ჩვენს ოპონენტებს ნამდვილად ვერ გავახარებთ იმით, რომ გიორგი გახარია პოლიტიკიდან წავა“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
რაც შეეხება აქტუალურ საკითხებს, გიგა ფარულავამ BBC-ის რეპორტაჟთან დაკავშირებით სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი პარტია ძალაში ტოვებს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.
„ჩვენ აქტიურად ვითხოვთ და დავაინიცირეთ კიდეც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შესაძლო ყველაზე მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვითხოვთ უკვე „ოცნების“ შემხვედრ ნაბიჯებს, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს. თუ აქვთ მათ ობიექტური პასუხები და თავს უდანაშაულოდ თვლიან ამ საქმესთან დაკავშირებით, შეუძლიათ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა.
თუ ისინი მიიჩნევენ, რომ მართლები არიან, ნამდვილად არ გამოყენებულა უკანონო ნივთიერება და საფრთხე არ შეჰქმნია მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭირონ. ვფიქრობ, მათთვისაც საინტერესო იქნება საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვაზე და აღშფოთებაზე მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს და საზოგადოებამ ღია ეთერის ფარგლებში შესაბამისი პასუხი მიიღოს“,- განაცხადა ფარულავამ.
მისი თქმით, BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა კიდევ უფრო მეტად გააღრმავა ეჭვი საზოგადოებაში, რომ შესაძლოა, რეალურად, კონკრეტულ დანაშაულთან გვქონდეს საქმე.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ისტერია, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ამ ფონზე, რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ სუს-ის საგამოძიებო მოქმედებების შედეგი, რომლითაც ისინი თავადვე აღიარებენ, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კონკრეტული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ, 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს“,
გიგა ფარულავას შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები დაბნეულები არიან და ქაოსურ ნარატივებში ტივტივებენ“.
„თავიანთ ურთიერთგამომრიცხავ, ქაოსურ ნარატივებში თავად ტივტივებენ და ამას საზოგადოება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნათლად ხედავს. 2019 წლის აქციებთან მიმართებით 2021 წელს როგორ აცხადებდა, გახარიამ რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლიო. დღეს სხვა რამეს აცხადებს, გასაგებია მათი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. დაბნეულები არიან, ქაოსში, თავად ვერ დაალაგეს ამ მიმართულებით პოლიტიკური ხაზი და გაურკვევლობაში არიან.
გიორგი გახარია ის ადამიანია, რომელიც ხელისუფლების მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2-ჯერ გამოცხადდა და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა. შესაბამისად, ჩვენს გუნდს არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ კონკრეტულ კითხვებს პასუხები გასცეს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
მისივე თქმით, სუს-ის გამოძიების მიმართ საზოგადოების ნდობა არ არსებობს.
„საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები, აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემა, რომელიც თავად ძალადობს, ვერ შეძლებს ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიოს ეს შესაძლო უმძიმესი დანაშაული“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
მისი განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ BBC-ის მასალის უკან შესაძლოა ორგანიზებული ჯგუფი იდგას, „ქართული ოცნების“ პარტიული პროპაგანდის ნაწილია“. გარდა ამისა, გიგა ფარულავამ არ გამორიცხა, რომ სამართლებრივი პრობლემები შეექმნათ იმ პირებს, რომლებმაც BBC-ის ინტერვიუ მისცეს.
„სუს-ის განცხადება შეიძლება გავიგოთ, როგორც დაგეგმილი შურისძიება კონკრეტული პირების მიმართ, მათ შორის არ გამოვრიცხავთ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, ვინაიდან სუს-ის განცხადება აძლიერებს „ოცნების“ პროპაგანდისტულ ნარატივებს. სუს-ის და სხვა საგამოძიებო უწყებების მიმართ დღეს მოქალაქეებს არ აქვთ ნდობა, რომ მიერ ობიექტურად იქნება გამოძიებული ისეთი დანაშაული, რომელიც შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირებთან მიდიოდეს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.