რონალდ რეიგანის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ქვეყნის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერებას ზომავს, ამერიკელების დიდ უმრავლესობას ომში უკრაინის გამარჯვება სურს და მათი მზარდი რაოდენობა კიევისთვის იარაღის გაგზავნას ემხრობა.
2025 წლის “რეიგანის ეროვნული თავდაცვის გამოკითხვის” მიხედვით, რომელიც 4 დეკემბერს გამოქვეყნდა, ამერიკელების უმრავლესობა (ჯამში 62%, მათ შორის, რესპუბლიკელების 57% და დემოკრატების 72%) ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გამარჯვების ხილვა სურთ.
ამასთან, კიევისთვის ამერიკული იარაღის გაგზავნის მომხრეთა რაოდენობა 64%-მდე გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ცხრა პროცენტული პუნქტითაა მომატებული. მათ შორის, ამ აზრს რესპუბლიკელთა 59%, ხოლო დემოკრატების 75% იზიარებს, რასაც 2024 წლის ნოემბერში, შესაბამისად, რესპუბლიკელების მხოლოდ 44% და დემოკრატების 68% ფიქრობდა.
დაბალი რჩება მოსკოვისადმი ნდობის მაჩვენებელიც: ზოგადად ამერიკელების 70% (მათ შორის რესპუბლიკელების 61% და დემოკრატების 77%) ამბობს, რომ ისინი არ ენდობიან რუსეთს უკრაინასთან დადებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაში.
გამოკითხვის მიხედვით, “ამერიკელები ასევე ემხრობიან პასუხისმგებლობის ინოვაციურად გაზიარებასა და გაფართოებულ დახმარებას.”
ინსტიტუტის მონაცემებით, ათიდან თითქმის შვიდი ადამიანი (ჯამში 68%, მათ შორის, რესპუბლიკელთა 75% და დემოკრატთა 67%) მხარს უჭერს ევროპელი მოკავშირეებისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვას, რომელიც შემდგომში უკრაინაში გაიგზავნება.
ამავდროულად, ამერიკელების თითქმის იგივე რაოდენობა (ჯამში 69%, მათ შორის რესპუბლიკელთა 65% და დემოკრატთა 75%) ემხრობა უკრაინის მიმართ NATO-ს მეხუთე მუხლის გარანტიის მსგავსი კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების აღებას.
მოსახლეობის თითქმის სამი-მეოთხედი (74%, მათგან რესპუბლიკელების 73% და დემოკრატების 79%) ასევე ემხრობა აშშ-ს საჰაერო ძალების მხარდამჭერით უკრაინაში ევროპული სამხედროებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო კონტინგენტის განლაგებას, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის დემილიტარიზებულ ზონას გააკონტროლებს.
ამას გარდა, ამერიკელების თითქმის ორი-მესამედი (65%, მათ შორის, რესპუბლიკელების 60% და დემოკრატების 77%) მომხრეა, აშშ-მ უკრაინას Tomahawks-ის ტიპის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტები გაუგზავნოს, რითაც უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების მიტანას შეძლებს.
“ამ დასკვნებიდან ჩანს, რომ გასული წლის განმავლობაში უკრაინისადმი ამერიკელების ორპარტიული ერთგულება გაძლიერდა. საზოგადოება ემხრობა სტრატეგიას, რომელიც აერთიანებს მდგრად ამერიკულ დახმარებას, ევროპის მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარებასა და სანდო შეკავების პოლიტიკას, ტერიტორიული დათმობების ან ნაადრევად გამოთიშვის ნაცვლად.” – წერია გავრცელებულ დოკუმენტში.
ამასთან, კითხვაზე, თუ რა მიდგომას უნდა დაუჭიროს მხარი აშშ-მ უკრაინაში ომის მოსაგვარებლად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (45%) ამბობს, რომ აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას თავისი სრული ტერიტორიული სუვერენიტეტის თავდაცვაში, “სანამ არ მოხდება ყველა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება.”
აღნიშნულ მიდგომას ორივე პარტიის რიგებში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის, ამ აზრზეა რესპუბლიკელების 34% და დემოკრატების 58%. ამას გარდა, ამერიკელების 23% მიიჩნევს, რომ უკრაინამ მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ტერიტორია უნდა დათმოს, ხოლო 22% ემხრობა მიდგომას, რომ ცეცხლის შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზების გასწვრივ მოხდეს. დანარჩენ 10%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
რუსეთ-უკრაინის ომის გარდა მნიშვნელოვანია ისიც, რომ NATO-სადმი დადებითმა განწყობამ რეიგანის ინსტიტუტის ყველა დროის გამოკითხვის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და ამერიკელების 68% მოიცვა. ეს პოზიტიური განწყობა ორპარტიულია, რადგან ამ აზრს რესპუბლიკელების 60% და დემოკრატების 80% იზიარებს. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელებში ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის ივნისის შემდეგ 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, როცა ჰააგაში NATO-ს სამიტის გამართვამდე რესპუბლიკელებს შორის ეს მაჩვენებელი 50% იყო.




