აზერბაიჯანული საინფორმაციო-ანალიტიკური პლატფორმა Minval Politika წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში აშკარა დაძაბულობა გამოიკვეთა.
გამოცემის მიხედვით, საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი მძღოლების ხანგრძლივმა და განმეორებითმა შეფერხებამ ბაქოში გააჩინა განცდა, რომ თბილისი ვერ ან აღარ ცდილობს პრობლემის მოგვარებას.
ამასთანავე, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ყოველივე ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პრობლემასთან დაკავშირებით მხოლოდ ფორმალური განცხადებები კეთდება.
Minval Politika ასევე წერს, რომ საქართველოს მიერ შეთავაზებული პირობები და დაწესებული მაღალი ტარიფები რეგიონული თანამშრომლობის მომავალთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს აჩენს.
აზერბაიჯანული მედიის მიხედვით, ბაქო წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და მნიშვნელოვანი სატრანზიტო პარტნიორი იყო, ახლა კი, როდესაც სამხრეთ კავკასია ახალი ეკონომიკური და სატრანსპორტო ფორმატების ჩამოყალიბების ფაზაში შედის, სატარიფო პოლიტიკა ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონული პროცესების დინამიკაზე უარყოფითი გავლენის მომხდენი შეიძლება გახდეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულმა სამთავრობო მედიამ, Caliber-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – “საქართველოს ზანგეზურიდან ხმა მოესმა, რაზეც ნერვულად უპასუხა”.
სახელისუფლებო გამოცემა ტრაილერის მძღოლებზე დაყრდნობით წერდა, თუ როგორ შეიცვალა ბოლო პერიოდში საზღვარზე ქართული მხარის დამოკიდებულება აზერბაიჯანელი მძღოლების მიმართ.
მძღოლები მედიასთან აღნიშნავდნენ, რომ საზღვარზე უხეშ მოპყრობას და კანონის უარყოფას აწყდებიან. რიგ შემთხვევებში მათ საზღვარზე დღეების განმავლობაში აჩერებენ, ნაწილი კი ამბობს, რომ მათ დამცინავად ჰკითხეს, თუ “როდის ამოქმედდება ზანგეზურის დერეფანი” და მიანიშნეს, რომ ამ მარშრუტზე გადაერთონ.
tabula.ge




