გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს თავს დაესხას.
“ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი ერთხელაც, შესაძლოა, NATO-ს წევრ ქვეყნებსაც კი დაესხას თავს. ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს, შესაძლოა, 5-8 წლის შემდეგ მოხდეს”. – თქვა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.
ამავდროულად, პისტორიუსმა აღნიშნა, რომ გერმანულმა საზოგადოებამ უნდა “გამოიღვიძოს” და ბუნდესვერი (ჯარის) “ომისთვის მზადყოფნაში” უნდა იყოს. ამასთან, მინისტრმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ცვლილებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მზადაა, შეიარაღებულ ძალებში დაუშვას ის ადამიანები, რომლებსაც გერმანიის მოქალაქეობა არ აქვთ.
“ჩვენ სწრაფად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა არსებული სიტუაციის ფონზე”. – თქვა პისტორიუსმა.