“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ, დაინტერესების შემთხვევაში, საერთაშორისო სუბიექტებს გაუზიარებენ შესაბამის დოკუმენტაციასა და მასალებს ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც 2024 წელს საპროტესტო აქციების დროს გამოიყენეს.
“ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია, დაინტერესდეს ამ გამოძიებით, როგორც დოკუმენტაციის ნაწილში, ისე ნივთიერებების ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ თავისი შინაარსით არის საიდუმლო ეს გამოძიება, ასეთ საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი – როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე”, – განაცხადა კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ და უნდობლობას უცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციას, გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით.
“რეჟიმი გვწამლავს!” “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება!” – თბილისში საპროტესტო აქცია იმართება – მსვლელობით ფილარმონიიდან დაიძრა ჯერ პარლამენტის შენობისკენ, ხოლო შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციისკენ.
თვითმხილველების, მათ შორის – ცოლის ინფორმაციით, პოლიციელებმა დააკავეს აქციის მონაწილე გიორგი მელითაური. რადიო თავისუფლება ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს.
აქცია-მარში დემოკრატიული პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით იმართება. მათ ეჭვები არა თუ ვერ გაუქრო, არამედ კიდევ უფრო გაუძლიერა 6 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულმა ბრიფინგმა, როდესაც გამოცხადდა, რომ BBC-ის საგამოძიებო ფილმში გამოკვეთილი ვარაუდები სრულად იქნა გაბათილებული.
6 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემაც გაიმეორა, რომ “რადგან ე.წ. „კამიტის” და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერია, ამ თვალსაზრისით, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურულია”. კობახიძის თქმით, გამოძიება გაგრძელდება “ყველაზე მნიშველოვან” ნაწილზე – “კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების” მიმართუებით.
“ამ მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება. ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა შეიკრიბება და დადასტურდება, რომ მათი მიზანმიმართული ქმედებებით უხეშად ზიანდებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესები, საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია და მათი ქმედებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ იყო მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება” – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
ფორუმი




