2029 წლისთვის შეუძლებელი იქნება ანაკლიის ნავსადგურის დასრულება და პირველი გემის მიღება – TCRC

2029 წლისთვის შეუძლებელი იქნება ანაკლიის ნავსადგურის დასრულება და ნავსადგურის მიერ პირველი გემის მიღება, – ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ ახალ პუბლიკაციაში წერს.
TCRC-ს შეფასებით, სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ანაკლიის ნავსადგური 2029 წლისთვის 600 000 TEU-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე – 2035 წლისთვის მინიმუმ 1 მილიონ TEU-ს დაამუშავებს, მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს, რადგან მიმდინარე სამუშაოები დაბალი ტემპით ხორციელდება.
გარდა ამისა, ნაპირზე დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებთან მიმართებით სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეურჩევია კონტრაქტორი კომპანია, რასაც ემატება მისასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო გზების პროექტების განხორციელების ჯერ კიდევ ჩანასახოვან ეტაპზე პოზიციონირება.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი პარალელს პოლონეთში, გდანსკის ღრმაწყლოვანი ანალოგიური ტიპის ნავსადგურის მშენებლობის ეტაპებთან ავლებს.
“პოლონეთში, გდანსკის ნავსადგურში 2022 წელს დაწყებული რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ღრმაწყლოვანი საკონტეინერო საზღვაო ტერმინალი Baltic Hub-ის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა და ტერმინალი ახლახან იქნა ექსპლუატაციაში გაშვებული.
ტერმინალის მშენებლობისათვის ყველა აუცილებელი ნებართვის მიღების შემდეგ სამუშაოები 2022 წლის სექტემბერში დაიწყო, რომელსაც Haskoning-ის ზედამხედველობის ქვეშ კომპანიები Budimex-ი და DEME აშენებდნენ. ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 450 მილიონი ევრო შეადგინა.
Baltic Hub-ის პროექტი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ 2022 წელს დაწყებული და 36 ჰექტარზე მოწყობილი ხელოვნური კუნძული სულ რაღაც სამ წელიწადში იქნა ექსპლუატაციაში გაშვებული.
პროექტის მიხედვით არსებულ ნავსადგურს დაემატა ხელოვნური კუნძული. მომდევნო ფაზაზე დამონტაჟდა ამწე -დანადგარები და ბოლოს წარმოდგენილია საკონტეინერო ტერმინალის დასრულებული ხედი.
ხაზგასასმელია, რომ ნავსადგურის ხელოვნური კუნძულის მოწყობას და საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვას სამი წელი დასჭირდა.
36 ჰექტარზე განთავსებული ხელოვნური კუნძული მოიცავს 17.5 მ დაღრმავებით 717 მ ღრმაწყლოვან ნავმისადგომს, რომელზეც მოწყობილია მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა. შვიდ ავტომატიზებულ 150 მ სიმაღლის გიგანტურ STS ამწეს შეუძლია მოემსახუროს 24 000 TEU-იან ტევადობის უდიდეს გემებს.
გაფართოების შემდეგ გდანსკის ნავსადგურის საკონტეინერო სიმძლავრე 3 მლნ TEU-დან 4.5 მლნ TEU-მდე გაიზარდა.
ფაქტობრივად, 2022 წელს დაწყებული პროექტისთვის ერთ წელიწადში დასრულდა ნავსადგურისთვის აუცილებელი მიწის სამუშაოები.
გარკვეული პარალელის გავლება შესაძლებელია ანაკლიის ნავსადგურის პროექტთან მიმართებით. ფაქტიურად ნაპირზე მიწის სამუშაოების ინტენსიურად განხორციელების პირობებში ერთ წელიწადში შესაძლებელია ნავსადგურის შემდგომი ეტაპისთვის მომზადება, რაც ამწე-დანადგარების მონტაჟს ითვალისწინებს.
ანაკლიის ნავსადგურის პირობებში, ნაპირზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება კონტრაქტორი კომპანიის პრეროგატივაა, რომელიც დღემდე არ არის შერჩეული.
2025 წლის მარტში ეკოლოგიურად სუფთა მეთანოლით მომუშავე Maersk-ის ფლოტის ერთ-ერთი უახლესი გემი Adrian Maersk შევიდა ნავსადგურში და ხელოვნურ კუნძულზე განხორციელდა გემის დამუშავება. შთამბეჭდავია კონტეინერმზიდი გემის პარამეტრები – სიგრძე 351 მ, სიგანე 54 მ, ტევადობა 16 000 TEU.
Baltic Hub-ის მაგალითზე, ანაკლიის ნავსადგურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ტემპების გათვალისწინებით, 2029 წლისთვის მისი პირველი ფაზის დასრულება წარმოუდგენელ ამოცანას წარმოადგენს“,- წერს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“.