სუს-ი აცხადებს, რომ კორუფციის 6 საქმე გაახსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ კორუფციასთან დაკავშირებული 6 სისხლის სამართლის საქმე გახსნა. ამ საქმეების შესახებ უწყებაში დღეს ბრიფინგიც გაიმართა.
1 – ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 დოლარი გამოართვა.
2 – ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით, ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 50 000 ლარიანი თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ახალი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო დარჩენილი 1 500 ლარის გადაცემა მოითხოვა დასკვნის მომზადების შემდეგ.
3 – თბილისსა და საგარეჯოში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სამი მოქალაქე დააკავეს. სუს-ის თანახმად, შპს „ჰორიზონტი 23“-ის დირექტორმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, შპს „არქიტრავს“ ფიქციურად მიაღებინა მონაწილეობა ტენდერში და მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაო მთლიანად შეასრულა შპს „ჰორიზონტი 23“-მა. ამავე დროს, შპს „ინსპექტას“ ზედამხედველმა პირებმა სამუშაოებზე გასცეს ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რის შედეგადაც მოხდა 89 727 ლარის თაღლითურად დაუფლება.
4 – ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ შპს ,,ლოგი“-ს დირექტორი შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორი და ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ტექნიკური ზედამხედველი. სუს-ის თანახმად, თბილისის, გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს ,,ლოგი“-ს შორის, 2023 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება „მუხიანი 2“-ის დასახლებაში, სამეგრელოს ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე. ღირებულებით 572 907 ლარი. აღნიშნული სამუშაოების კონტროლი დაევალა „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წყალსადენ კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელების ტექნიკურ ზედამხედველ პირს. შპს ,,ლოგი“-ს დირექტორმა შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორთან ერთად დაამზადა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა, 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი, 178 რეისად გატანილი იქნა 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, რაც სინამდვილეში შპს „ლოგის“ მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყარეს სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში. გრუნტის გატანის და განთავსების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინეს თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში, სადაც ზედამხედველის მიერ შედგა ყალბი აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი მიწა თითქოსდა გაიტანეს ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, აღნიშნული ყალბი მონაცემები ასახეს შესრულებული სამუშაოს აქტებში – ფორმა N2-ებში, რის საფუძველზეც შპს ,,ლოგი“-ს გლდანის რაიონის გამგეობიდან ჩაერიცხა 104 290 ლარი.
5 – ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გამოართვა 2 000 ლარი.
6 – ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი, რომლებმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (კაპროვანი), ზღვისპირა ზოლში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 517 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით ნებართვის გარეშე სარგებლობისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 4 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვეს 2 000 ლარი.