“არ იცი ლიტერატურა როგორ მოიძიო, ან/და ინგლისური არ იცი” – ამის შესახებ პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ექიმ ლევან რატიანს მიმართავს.
პროფესორი პოსტში აღნიშნავს, რომ “სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას პირდაპირი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე”. მისი თქმით, ამაზე ბევრი სამეცნიერო კვლევაა გამოქვეყნებული და აღნიშნული სტატიების შესავალი სწორედ “პრობლემის პოლიტიკური შემადგენელს აღწერითა და ახსნით იწყება”.
როდესაც საჯაროდ აცხადებ, რომ სამედიცინო სტატიაში პოლიტიკური შესავალი არ კეთდება და ასეთი რამ არ წაგიკითხავს, ეს მხოლოდ იმას ადასტურებს რომ ბევრი რამე არც წაგიკითხავს, არ იცი ლიტერატურა როგორ მოიძიო, ან/ და ინგლისური არ იცი, თორემ შეამოწმებდი და სულ ორიოდე წუთში იპოვიდი უამრავ სტატიას, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
დიახ, სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას პირდაპირი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, მის ყველა ასპექტზე, ამაზე ბევრი სამეცნიერო კვლევაა გამოქვეყნებული და ამ სტატიების შესავალი სწორედ პრობლემის პოლიტიკური შემადგენელს აღწერითა და ახსნით იწყება, სავალდებულოდ,” – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.
მანამდე, ლევან რატიანმა BBC-ის მასალასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პირველად ნახა სამეცნიერო სტატია, რომელიც პოლიტიკური მიმოხილვით იწყება.
ამდენი წელია, მედიცინაში ვარ, არაერთი სტატია წამიკითხავს და არაერთი სტატიის ავტორი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით, ეს ნონსენსია მედიცინაში – თქვა რატიანმა.




