ბაკურიანში სეზონი, სავარაუდოდ, 25 დეკემბერს გაიხსნება, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ორჯონიკიძე აცხადებს, 2024 წელს სეზონი კურორტზე 7 დეკემბერს გაიხსნა, რადგან ამ დროისთვის უკვე საკმარისი თოვლი იყო, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წლევანდელი შემოდგომა უჩვეულოდ თბილი აღმოჩნდა და ზამთარიც ჯერჯერობით ვერ მძლავრობს, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის გათვალისწინებით, სეზონის გახსნის თარიღად 25 დეკემბერი შეირჩა.
„ბაკურიანი, ძირითადად, 28 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით არის ხოლმე დატვირთული და იმედია, ამინდი მოგვცემს საშუალებას, დამსვენებლებს მოლოდინები გაუმართლდეთ. რაც შეეხება გასულ წელს, დაახლოებით 55 ათასი დამსვენებელი გვყავდა. ასეთი გადატვირთულობის გამო, საცობები ბორჯომის ხიდიდან იწყება ხოლმე. ყველა სამსახური მობილიზებულია, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს. იმედია, ამ წელს მსგავსი დიდი დატვირთვა არ იქნება, რადგან შარშან მართლა კატასტროფა ხდებოდა, ისეთი საცობები იყო“, – აცხადებს ეკატერინე ორჯონიკიძე.
მისივე განმარტებით, წლების წინ ბაკურიანი დაახლოებით 3000-5000 დამსვენებელზე იყო გათვლილი. შემდეგ კურორტი განვითარდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ პატარა დაბაა, დამსვენებელთა მოზღვავება გარკვეულ გამოწვევებს აჩენს.
„შარშან, პიკურ სეზონზე, 55 ათასი ადამიანი იყო ჩამოსული. ბაკურიანის ვიწრო გზა ამდენ სატრანსპორტო საშუალებას ვერ ატარებს. გვყავს საკმაო რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, მაგრამ საცობებში მოძრაობა არც მათ შეუძლიათ. ამასთან, შარშან დროულად ვერ გადიოდა ნარჩენები, თუმცა არა იმიტომ, რომ მზად არ ვიყავით, ამ მხრივაც საცობები გვაფერხებდა. პლუს, ნაგვის ურნები მანქანებით იყო ჩახერგილი. ადამიანებმაც უნდა შევძლოთ, ანგარიში გავუწიოთ ერთმანეთს. 100 მეტრი რომ აქვთ გასავლელი, იქაც მანქანებით გადაადგილდებიან“, – ამბობს ეკატერინე ორჯონიკიძე.




