ქართულ ბაზარზე უცხოეთიდან ამანათების ტრანსპორტირებისა და მიწოდების გაიაფების მოლოდინია

ქვეყანაში როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზებით მიღებული ამანათების რიცხვი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. მართალია, მიმდინარე წლის დასრულებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი, თუმცა საფოსტო და საკურიერო კომპანიებში 2025 წელს პოზიტიურად და დინამიკურად აფასებენ.
კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ ყოველწლიურად ამანათებში, საშუალოდ, 10-დან 20%-მდე ზრდა აქვთ. რაც შეეხება კვარტალურ ზრდას, როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ FedEx საქართველოს დირექტორი ნინო მენთეშაშვილი აცხადებს, მიმდინარე კვარტალში ამანათების რაოდენობამ, დაახლოებით, 7%-ით მოიმატა, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
ამანათების მზარდ დინამიკას ბიზნესსექტორი უმეტესად იმ უცხოურ პლატფორმებს უკავშირებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე პირდაპირი გზით შემოვიდნენ და ქართველ მომხმარებელს ონლაინ ვაჭრობა ქართულ ენაზე შესთავაზეს. აქ, ძირითადად, საუბარია ჩინურ პლატფორმებზე. შესაბამისად, საფოსტო და საკურიერო ბიზნესში ამბობენ, რომ გზავნილების რაოდენობით ლიდერ პოზიციაზე ჩინეთი იმყოფება, მას შემდეგ პოზიციებზე ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი მოჰყვება. თუმცა, ამანათები გაზრდილია ევროპული სახელმწიფოებიდანაც.
„რაც შეეხება ტარიფებს, ამჟამად, ამანათების ჩამოტანის და მიწოდების ტარიფები სტაბილურია, წელს ფასების მატება არ დაფიქსირებულა და მეტიც, ველოდებით, რომ სექტორში გაზრდილი კონკურენციისა და ბაზარზე შემოსული ახალ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების გააქტიურების ფონზე, ქართულ ბაზარზე უცხოეთიდან ამანათების ტრანსპორტირება და მიწოდება გაიაფდება“, – აცხადებს ნინო მენთეშაშვილი.
დარგის წარმომადგენლები გამოწვევებზეც საუბრობენ და ისევ არასაკმარის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე მიუთითებენ. მათივე შეფასებით, მოზღვავებული ამანათების რიცხვს ინფრასტრუქტურა ვერ ეწევა. გამოწვევაა ადამიანური რესურსიც სიმცირეც.
ცნობისთვის, გასული 2024 წლის განმავლობაში, საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებულმა საწარმოებმა 13 მილიონზე მეტი ამანათი მიიღეს და გადაამუშავეს. დარგში დასაქმებულთა რაოდენობამ კი 4 ათასს ადამიანს გადააჭარბა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი