ფინანსისტ ვასილ რევიშვილის შეფასებით, ნოემბერში საქართველოში ინფლაციის ტემპის შედარებით შენელება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის გლობალურ ბაზრებზე არსებულ ვითარებას, ასევე ლარის შედარებით გამყარებას.
საქმე ისაა, რომ ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.8%-ს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. თუმცა ის კვლავ ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს აღემატება.
“ინფლაციის ტემპის შენელება გასაგებია, ვინაიდან, პირველ რიგში, ნავთობპროდუქტების ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. მეორე მხრივ, კვლავ დოლარის შედარებით სისუსტის თუ სავალუტო შემოდინებების გამო, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა, რამაც, რა თქმა უნდა, ინფლაციის შენელება გამოიწვია”, – განუცხადა რევიშვილმა BMG-ის.
ამასთან, ფინანსისტი მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საშუალება არ ექნება.
“არ მგონია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ალბათობა დადგეს. ალბათ, 2026 წლის პირველი ნახევარი მაინც იგივე განაკვეთი შენარჩუნდება, ან არსებულთან ახლოს.
ამისთვის მთავარი არგუმენტი შეიძლება იყოს არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, ვინაიდან სამიზნე ინფლაცია არის 3%, მეორე არგუმენტი არის ლარის კურსი. [ეროვნულ ბანკს] აწყობს, რა თქმა უნდა, ლარის კურსის შედარებითი სიმყარე, კვლავ იმიტომ, რომ იმპორტზე ორიენტირებულები ვართ და დოლარიზება მაინც მნიშვნელოვანია ჩვენს საგარეო ვალში. ამიტომ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, იმის ალბათობას, რომ მნიშვნელოვანი შემცირება მოხდება [რეფინანსირების განაკვეთის]”, – განაცხადა ვასილ რევიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ პერიოდში შედარებით დაჩქარებული ინფლაციის ფონზე, ეროვნული ბანკი 2024 წლის მაისის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ინარჩუნებს.




