„მოქალაქეები ნაკლებ თანხას ხარჯავენ – ფოკუსი საკვებზე და პირველადი მოხმარების ნივთებზე აქვთ“ – ლევან ყარალაშვილი
ბიზნესი ხედავს, რომ მომხმარებლის ქცევაა შეცვლილი. თვითონ ადამიანები რესურსს უფრო მეტად პირველადი მოხმარების საგნებზე და საკვებ პროდუქტებზე ხარჯავენ და უფრო ნაკლები თანხა რჩებათ, რომ ტექნიკა, ან თუნდაც ტანსაცმელი შეიძინონ, – ამის შესახებ “თბილისი ცენტრალის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად აქტიური სეზონისა, ქვითრის როგორც რაოდენობა, ისე ღირებულება შემცირებულია.
“საცალო სავაჭრო სექტორისთვის საკმაოდ რთული წელი იყო და ამაზე არა ერთხელ გვისაუბრია. საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და “რითეილის” მიმართულებით შარშანდელთან შედარებით 10-15%-იანი კლებაა. ბოლო კვარტალს რაც შეეხება – ჩვენ სავაჭრო ცენტრის შემთხვევაში “შავი პარასკევი” შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლომდე გრძელდება. რეალური შეფასებების გაკეთებას ამის შემდეგ შევძლებთ.
აქტიური გაყიდვები არ არის, თუმცა წლის ბოლო გვაჩვენებს რა ციფრებზე გავალთ. თუ ამ წელში მცირე კლებით დავასრულებთ – ეს უკვე შესაძლოა, კარგ შედეგად ჩაითვალოს”, – აცხადებს ლევან ყარალაშვილი.
“თბილისი ცენტრალის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტი, ამ ეტაპზე, 100%-ით დატვირთულია და ყველა ბიზნესოპერატორი ფართის შენარჩუნებას ცდილობს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი




