ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის დარგზე მოდის
2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 814.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.0 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 57.0 პროცენტი — კაცი, – ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის III კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.1, 11.3 და 9.2 პროცენტიანი წილებით.
გარდა ამისა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა მშენებლობის (8.5 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.4 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.7 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.




