იტალიის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა, იტალიის კონკურენციის ორგანომ (AGCM), ექვსი ენერგეტიკული კომპანია, ფასების თვითნებური გაზრდისთვის, ჯამში 15,5 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.
AGCM-ის თანახმად, კომპანიებმა მომხმარებლებისთვის ფასები გაზარდეს 2022 წლის 10 აგვისტოდან 2023 წლის ივნისამდე, რითაც დაარღვიეს მთავრობის მითითებები, რომლებიც მომხმარებლებს კომუნალური გადასახადების თვითნებური ზრდისგან იცავდა.
მაქსიმალურ ჯარიმას, 10 მლნ ევროს – Enel Energia გადაიხდის. Eni Plenitude, რომელმაც 4 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის ფასი წინასწარ გაფრთხილების გარეშე გაზარდა, დაჯარიმდა 5 მლნ ევროთი, ხოლო კომპანიები Acea Energia და Dolomiti Energia – 560 ათასი ევროთი და 50 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ, იუწყება The Wall Street Journal.
ესპანური კომპანია Iberdola-ს იტალიური სამმართველო დაემუქრა მომხმარებლებს მომსახურების შეწყვეტით, თუ ისინი არ დათანხმდებოდნენ მაღალ ფასებს, ამტკიცებს მარეგულირებელი. ეს კომპანია 25 ათასი ევროთი დაჯარიმდა.
Edison Energia-მ უნდა გადაიხადოს მინიმალური ჯარიმა 5000 ევროს ოდენობით, რადგან კომპანიამ ფასები დაშვებულზე ადრე გაზარდა, მაგრამ მოგვიანებით აუნაზღაურა მომხმარებლებს.
Eni Plenitude-მა განუცხადა WSJ-ს, რომ თვლის, რომ მისი ქმედებები სწორია და იტოვებს უფლებას გაასაჩივროს მარეგულირებლის გადაწყვეტილება.
Iberdola და Dolomiti Energia ასევე მიიჩნევენ, რომ ისინი კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ.