გრძელდება ოპოზიციონერი აქტივისტის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას სასამართლო. დღეს, 3 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე გაირკვა, რომ მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობს.
გელა ხასაიასთან ერთად დაკავებული ვასილ ქერდიყოშვილი – რომელსაც, ხასაიას მსგავსად, „ჯგუფურ ძალადობაში“ ედება ბრალი, ბრალს აღიარებს. დღეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის კითხვაზე, „თავს ცნობთ თუ არა დამნაშავედ, მან უპასუხა: „დიახ, ვცნობ“.
მხარეები საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობენ. დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
„საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის, არ გამოვრიცხავთ სამომავლოდ“, – განაცხადა სხდომაზე პროკურორმა მარიამ წულაიამ.
გორში მცხოვრები, 30 წლის ვასილ ქერდიყოშვილი თავიდანვე ამბობდა, რომ დაინტერესებული იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებით.
ბრალდებულები, ხასაია და ქერდიყოშვილი, ამტკიცებენ, რომ ერთმანეთს არ იცნობენ, თუმცა პროკურატურა მათ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას ედავება.
ბრალდების თანახმად, მათ ჯგუფურად, განზრახ, ნაკლებად მძიმედ დააზიანეს ადამიანის ჯანმრთელობა. დაზარალებულად ცნობილია რამაზ ჩადუნელი.
პროკურატურის ცნობით, 1975 წელს დაბადებულ რამაზ ჩადუნელს გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა შელაპარაკების შემდეგ ჯანმრთელობა დაუზიანეს და მიიმალნენ.
ბრალდებაში წერია, რომ ბრალდებულებმა რამაზ ჩადუნელს წიხლები ურტყეს, მას მაჯა მოსტყდა და საავადმყოფოში აღმოჩნდა.
გელა ხასაიას ადვოკატი პროკურატურას ბრალის დამძიმებასა და სამედიცინო დასკვნის არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს.
ხასაია დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს – ასე მიაჩნიათ ოპოზიციურ პარტიებსა და უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებსაც.
· გელა ხასაია მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ, 2025 წლის 29 სექტემბერს დააკავეს;
· დაპატიმრებული არიან მისი პარტიის ლიდერებიც – ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია;
· თავად ამბობს, რომ აქციიდან სახლში მიმავალი „გაიტაცეს“;
· პროკურატურა კი აცხადებს, რომ დააკავეს საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოწმის სტატუსით, ჩვენების მისაცემად იყო მისული.
„არავის უთქვამს ჩემთვის ვინ იყვნენ, სანამ ძალის გამოყენებით მანქანაში არ ჩამტენეს და შემდეგ მითხრეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ… ყველა მეუბნებოდა, კარგად იცი რატომ მიგვყავხარო“, – თქვა 20 ნოემბრის სხდომაზე ხასაიამ.
მისი დაპატიმრებიდან ორი თვის შემდეგ, 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტია გელა ხასაია, რომელიც პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ სხვადასხვა გვერდით ეფექტზე საუბრობს.
ფორუმი




